გიორგი ხოჯევანიშვილი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორს შეხვდა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორს თამარა წულეისკირს შეხვდა.
მხარეებმა ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები განიხილეს და სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
უახლოეს პერიოდში ნატოსა და ევროკავშირის თემაზე, რეგიონის მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები იგეგმება, რაშიც სამხარეო ადმინისტრაციაც აქტიურად ჩაერთვება.
“ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, ვგეგმავთ და ვახორციელებთ ერთობლივ ღონისძიებებს. ამჯერადაც, რეგიონში დაგეგმილი საჯარო შეხვედრები, ასევე, ნატოსა და ევროპის დღეებთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ. შიდა ქართლი აქტიურად ჩაერთვება დაგეგმილ ღონისძიებებში, რადგან ჩვენთვის ნატოსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენი ქვეყნის არჩევანი და გეზი სწორედ ევროპასა და ევროინტეგრაციას უკავშირდება. გვინდა, ახალგაზრდებსა თუ ნებისმიერი სხვა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენელს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს ამ თემასთან დაკავშირებით. სამხარეო ადმინისტრაცია ყოველთვის მზადაა ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის”, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.