მამუკა არეშიძე: როდესაც მერაბიშვილი ერთიანობაზე ლაპარაკობს, ვფიქრობ, გულისხმობს ამ ერთიანობას “ევროპული საქართველოს” ზოგიერთი ლიდერის გარეშე
“ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” გაერთიანება გამორიცხულია, ვიდრე გიგა ბოკერია იქნება “ევროპული საქართველოს” ლიდერი, როდესაც ვანო მერაბიშვილი ლაპარაკობს ერთიანობაზე, ვფიქრობ, გულისხმობს ამ ერთიანობას “ევროპული საქართველოს” ზოგიერთი ლიდერის გარეშე,- ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
მისივე თქმით, შესაძლებელია მერაბიშვილმა ახალი პოლიტიკური ძალა შექმნას.
“ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის პირველივე კადრებში გამოჩნდა, რომ ის კარგა ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ სცენისთვის. ეს მისთვის იყო, ერთგვარად, ფსიქოლოგიური რეპეტიცია ფართო საზოგადოების წინაშე წარსადგომად. ამასთანავე, მან პირველივე განცხადებებით პოლიტიკაში დარჩენის პრეზენტაცია გამართა. მერაბიშვილი მაქსიმალურად შეეცადა, გადაეფარა ხმები იმის თაობაზე, თითქოს მას ციხიდან უშვებენ იმიტომ, რომ ხელისუფლებას გაურიგდა და ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს გარკვეულწილად, მოახერხა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რამაც გამოიწვია ის აღტაცება, რაც მისი განცხადებების შემდეგ დაეუფლათ ციხის კართან შეკრებილ მის გულშემატკივრებს.
ის პოლიტიკაში რჩება, მაგრამ ჯერჯერობით რთული სათქმელია, რომელ გუნდში შეიძლება ვიხილოთ. მერაბიშვილი, შესაძლოა, წავიდეს “ნაციონალურ მოძრაობაში” ან “ევროპულ საქართველოში”, თუმცა ასევე შესაძლებელია შექმნას ახალი პოლიტიკური ძალა. მას, რასაკვირველია, აქვს პოლიტიკური რესურსი, ჰყავს მხარდამჭერები-ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი და ზოგი ამჟამინდელი თანამშრომელი, ჰყავს გულშემატკივრები რეგიონშიც-ვგულისხმობ სამცხე-ჯავახეთს, საიდანაც არის წარმოშობით და სადაც სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ბიზნეს სქემაში ბევრი ადამიანი ჰყავდა ჩართული.
რომ გითხრათ, მერაბიშვილი იმ ტიპის პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც ამინდის შექმნა შეუძლია-მეთქი, მოგატყუებთ. თავის დროზე ხელისუფლებაში მისი მაღალ თანამდებობებზე ყოფნა, ძირითადად განპირობებული იყო ორგანიზატორული ნიჭით, რაც მას მართლად გამოარჩევს. მერაბიშვილს შეუძლია მოქნილად და სისტემურად აზროვნება, ასევე გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება, მაგრამ მას არა აქვს საჯარო გამოსვლების დიდი გამოცდილება, ამიტომაც უშვებს შეცდომებს. ვფიქრობ, მისი განცხადება ხელისუფლების დამხობის თაობაზე სწორედ ამგვარი შეცდომა იყო. რიტორი რომ არ არის, ეს გამოჩნდა ტელეკომპანია “მთავართან” ინტერვიუშიც. მოკლედ, ვნახეთ, რომ როგორი უფერული მოსაუბრეც ადრე იყო, იმგვარივე დარჩა. მერაბიშვილი არ განეკუთვნება იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება სინანულის გრძნობამ შეაწუხოს. აშკარად ჩანს, რომ ის სახელმწიფო ჩინოსნის პოზიციიდან მაშინაც მიიჩნევდა და ახლაც მიიჩნევს, რომ მართალია და რომ თავისი მოქმედებებით იცავდა კანონსა და სამართალს. ერთიც და მეორეც მახინჯი რომ იყო “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, ამას, რა თქმა უნდა, არ აღიარებს. მისი აზროვნება ასეა მოწყობილი.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” გაერთიანებას, ამ ორი ძალის გაერთიანება გამორიცხულია, ვიდრე გიგა ბოკერია იქნება “ევროპული საქართველოს” ლიდერი. როდესაც მერაბიშვილი ლაპარაკობს ერთიანობაზე, ვფიქრობ, გულისხმობს ამ ერთიანობას “ევროპული საქართველოს” ზოგიერთი ლიდერის გარეშე”,- განაცხადა არეშიძემ.