„…სულ მიყვარს და მიყვარს გოდერძი ჩოხელი“ –  დირექტორი, ვისთვისაც ლაფანყურში ცხოვრება სიხარული და ჰობია

დაიბადა დუშეთის რაიონში, 1970 წლიდან ოჯახი თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში გადასახლდა. მას შემდეგ ლაფანყურს გადაეჯაჭვა მისი ცხოვრება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა. პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა.
1990 წლიდან დღემდე ლაფანყურის საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელია. 2000-2005 წლებში იყო დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში. 2005 წლიდან დღემდე ლაფანყურის საჯარო სკოლის დირექტორია. მისი ცხოვრება არა მარტო ლაფანყურს, გოდერძი ჩოხელსაც დაუკავშირდა, როცა მისი შემოქმედების კვლევისთვის მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. – ლალი იარაჯულის პერსონა.

 დავიბადე დუშეთის რაიონის მიყრუებულ სოფელ დოლოშაში, ისეთ სოფელში, მეზობლებს ერთმანეთის მამლების ყივილიც რომ არ ესმოდათ.  ყველაზე კარგად ის მახსოვს, მე და ჩემი თანატოლი მეზობლის  გოგო ცხენით, ხურჯინის თვლებში აქეთ-იქით ჩამსხდრები  რომ წაგვიყვანეს მცხეთაში მოსანათლად.
1970 წელს თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში გადმოვსახლდით. ჩემი უფროსი ძმა მეოთხე კლასში სწავლის გასაგრძელებლად (დოლოშაში მხოლოდ სამი კლასი იყო) ბიძამ წამოიყვანა ლაფანყურში. მშობლებმა  იტკივილეს სიყმის შვილთან სიშორე  და ერთ წელში ჩვენც გამოვყევით… მიჭირდა დოლოშელ დობილთან განშორება, ოთხჯერ დავემშვიდობეთ იმ დღეს ერთმანეთს – ოთხივეჯერ ცხარე ცრემლებით..ბუნდოვნად მახსოვს ლაფანყურში გადმოსახლება-გადმობარგების მომენტი.
მშობლები – ალალი, პატიოსანი, მშრომელი, მუდამ პირზე ოფლჩამომდინარი ხალხი, შრომითა და ჯაფით დაღლილ-დაქანცულები.
დედამ ოთხივე შვილი სახლში დაგვაჩინა, ჩვენს დაბადების მოწმობებს კი ჟინვალში იღებდნენ, როცა მოიცლიდნენ იქ წასასვლელად. ჩემს უმცროს ძმაზე მშობიარობისას  (ოთხი წლითაა ჩემზე პატარა), დედაჩემს დავეხმარე და ბებიაქალად მეზობლის დედაკაცი მე მივუყვანე –  შინ  მარტო ჩვენ ვიყავით…
  სკოლაში რომელი საგნები გიყვარდათ?
– სკოლაში უკვე ლაფანყურში მივედი. იმთავითვე ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა. ქართულს არაჩვეულებრივი მასწავლებელი, საგნის ღრმად და საფუძვლიანად მცოდნე  – იოსებ მთიბელაშვილი მასწავლიდა. დღესაც ზედმიწევნით მახსოვს მისი გაკვეთილები, მან შემაყვარა ქართულიც და მასწავლებლობაც.
 რატომ აირჩიეთ სპეციალობად აღმოსავლეთმცოდნეობა?
– მაინტერესებდა,  საქართველოს ისტორიიდან  გამომდინარე. მართალია, მტრული, მაგრამ  ურთიერთობა,  ძირითადად, აღმოსავლეთთან  გვქონდა,  მაინტერესებდა ის ქვეყნები,  რომლებიც  გაუყოფელის  გაყოფას ცდილობდნენ  ჩვენთან.  ცნობილ მეცნიერთა უმეტესობა ხომ აღმოსავლეთმცოდნე იყო, მათ შორის  უნივერსიტეტის დამაარსებელი  ივანე ჯავახიშვილიც. მაინტერესებდა  ენობრივი კავშირები,  ისტორიული წყაროები. საკვლევი  მასალა  ისტორიულ-ენათმეცნიერული თვალსაზრისით,  აღმოსავლეთმცოდნეობაში  ძალიან  ბევრია.
საერთოდ, მგონია, რომ  ჩემი და წინა  თაობის  ადამიანები პროფესიას   იმის მიხედვით  ირჩევდნენ,   რა  უფრო  სჭირდებოდა  ქვეყანას,  და  არა  იმის მიხედვით,  რას  უფრო პრაქტიკულად  გამოიყენებდნენ თვითონ. აღმოსავლეთმცოდნეებს ორი არჩევანი  გვქონდა – მეცნიერული  მუშაობის გაგრძელება  კონკრეტულ სპეციალობაში   და    ქართული   ენისა და  ლიტერატურის  მასწავლებლობა  სკოლაში.
  სტუდენტობის წლები
– ბუნებრივია, ლაფანყურიდან თბილისში ჩასულისთვის – ყველაფერი, სულ ყველაფერი საინტერესო, ახალი, უცხო, მნიშვნელოვანი იყო… სტუდენტობის წლები საინტერესოდ ჩემმა  მეგობრებმა (ოვაშვილი, ტაბატაძე, ჯაყელი, შანიძე, თაბაგარი, ხომერიკი, რობაქიძე, ჯავახაძე)  მიქციეს,  ბევრ რამეს მასწავლიდნენ, მშველოდნენ, მიხალისებდნენ და მიცოცხლებდნენ სტუდენტურ ყოფას. სოფლად დაბრუნებულს კი ისეთი „სულის საგზალი“ გამომატანეს, დღემდე და მთელი ცხოვრებაც რომ მასაზრდოებს.
რა თქმა უნდა, მარტო საინტერესო კი არა, ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერება იყო უნივერსიტეტის თითოეული ლექტორის) ოთარ ურიდია, მერაბ რობაქიძე, ზაზა ალექსიძე, რევაზ სირაძე, ელენე დოჩანაშვილი, დალი ფანჯიკიძე, ნათელა ქუთელია) სტუდენტობა. ეს მერე უფრო კარგად ვიგრძენი.
1989 წლიდან სკოლაში ხართ…
– ჯერ კიდევ მოსწავლემ  ვიცოდი, რომ ჩემს მშობლიურ სკოლას უნდა დავბრუნებოდი, როგორც ქართულის მასწავლებელი. დამხვდნენ ჩემი თბილი და ტკბილი მასწავლებლები: ვლადიმერ წვეროშვილი, იოსებ მთიბელაშვილი, ქეთინო ხოშურაული, პელაგია ბუჩუკური… ბევრს ვუმადლი მათ ჩემს მასწავლებლად  ჩამოყალიბებაში.
წლები კი არა, მასწავლებლობის თითოეული დღეა ჩემთვის ერთმანეთისგან განსხვავებული, განსაკუთრებული, ლამაზი, სიახლით სავსე, ერთდროულად ამდენ სუფთა ადამიანთან ყოველდღიური ურთიერთობა  დიდი ბედნიერებაა. როცა ჭეშმარიტი სიყვარულით ასწავლის საგანს მასწავლებელი, არ სჭირდება მას დიდი ძალისხმევა, მოსწავლეს ეს სიყვარული „უკურნებელი სენივით“ შეჰყაროს.
 2005 წლიდან 2005 წლიდან დღემდე ლაფანყურის საჯარო სკოლის დირექტორი ხართ.. სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებშირომელ ღონისძიებას გამოყოფდით?
– 2005 წლიდან – უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება დამეკისრა,  ბრძოლა გადარჩენისთვის (დაცლილი სოფელი სკოლას უნდა ეცოცხლებინა), ზრუნვა ტრადიციებზე დაშენებული თანამედროვე, მიმზიდველი სკოლისათვის…
სკოლა აქტიურად ერთვება სხვადასხვა ღონისძიებაში. ყველგან წარმატება ჰქონდათ ჩვენს ნიჭიერ, გონიერ, აქტიურ ბალღებს. ძალიან გავიხარეთ, როცა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ვუმღერ სამშობლოს“  ჩვენი მოსწავლეები ათეულში მოხვდნენ და დაჯილდოვდნენ.
2013 წელს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში – „გაიცანი ჩემი რაიონი“ პირველი ადგილი აიღეს. 2015 წელს თელავის განათლების განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში ბექა ბაიაშვილი  პირველ ადგილზე გავიდა, ა. არჯევნიშვილი – მეორეზე. მათთვის საინტერესო  კონკურსებში, პროგრამებსა და პროექტებში – ყველგან აქტიურად მონაწილეობენ. სწავლობენ, მღერიან, ცეკვავენ,  კაცობენ და ქალობენ ჩვენი ბალღები.
მე და ჩემი კოლექტივი ვცდილობთ, სასწავლო პროცესი  თანამედროვე  მოთხოვნებს მოვარგოთ,  ჩვენი მოსწავლეები კონკურენტუნარიანი და რეალიზებული იყვნენ.
სკოლის მუზეუმი და ეთნოგრაფიული კუთხე, სკოლაში მოქმედებს კლუბებიროგორ უვლით და ამდიდრებთ მუზეუმს?
– სკოლას ამშვენებს მუზეუმი და ეთნოგრაფიული კუთხე. ის ტიპური ფშაური ოჯახის საცხოვრებელია, სადაც ნახავთ: ძობანს, კერიას, ჩხუტ-ბარნელას  და სხვა არაერთ საყოფაცხოვრებო ნივთს.  ჩვენი  ფშაური ოთახი სტუმრებს ზუსტ წარმოდგენას უქმნის არც ისე დიდი ხნის წინანდელი ფშაური ოჯახის ცხოვრების შესახებ.
სკოლის ფოიეშივეა მცირე ისტორიული მუზეუმი. აქ ნახავთ სოფელ ლაფანყურის გარშემო ისტორიული ძეგლების ამსახველ, ხელით შესრულებულ, რუკას  და რამდენიმე ფოტოსურათს. მუზეუმის მთავარი ნაწილია მდინარე ლოპოტის ხეობაში აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტები: შუბის წვერი, ხანჯლის ნაწილი, თიხის ჭურჭლის ნატეხები, რომლბიც საუკუნეების წინანდელია და იმაზე მიუთითებს, რომ ლოპოტის ხეობა  უძველესი დროიდან იყო  დასახლებული.
სკოლის ყოჩაღი ნიჭიერი მოსწავლეები და გამრჯე პედაგოგები სულ ცდილობენ, ეთნოგრაფიულ კუთხეს და მუზეუმს რამე ღირებული შემატონ. ზემოთ აღნიშნული არტეფაქტები სწორედ ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების აღმოჩენილია.
ასე რომ,  ფშაური კუთხე  ერთგვარი  სავიზიტო  ბარათია  არა მარტო სკოლის,  სოფლისთვისაც  და მის მოვლა- გამდიდრებაში  ყველა მონაწილეობს.
სადისერტაციო თემა იყო: სამყაროს მხატვრულესთეტიკური საზრისი გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში, პირადადაც იცნობდით გოდერძის?
– ადრიდანვე მიყვარდა გოდერძი ჩოხელი. დედის მხრიდან ჩემი  ნათესაობა ახლობლობდა მასთან, ბევრი რამ ვიცოდი მათი მონაყოლიდანაც – ბევრს მიამბობდა სოფიო წიკლაური – დედაჩემის მამიდა და გოდერძი ჩოხელის ძალო – მთავარი  როლის შემსრულებელი  ფილმში „ადგილის დედა“; 1992 წელს მანანა ჩოხელმა მაჩუქა  გოდერძის ჩოხელის წიგნი „დედაო მიწავ, შემინახე“. საახლობლოს უყვარდა გოდერძი და კიდევ უფრო შემაყვარეს მეც;  მას შემდეგ სულ მიყვარს და მიყვარს ჩოხელი.
საერთოდ, შეუძლებელია იმუშაო იმ მწერლის  შემოქმედებაზე, რომელიც  შენთვის უცხოა. ისე უღრმავდები,  თითქოს მის  სულში  იმზირები,   ამის უფლებას კი  თავს  მაშინ  აძლევ, როცა ძალიან „შენია“… ამის გარეშე  არც მიგიშვებს  ახლოს.   გუდამაყარი ჩემი დედულეთია და ყველაფერი იქაური მეთავისება. ჩოხელთანაც  ასე იყო –  თითქოს  თავად  ჩამახედა   თავის  სულში.
როცა ბურსაჭირში  ავდიოდი ზაფხულობით,  თითქმის ყოველ ზაფხულს ფასანაურ- გუდამაყარში ვატარებდი.  დეიდაჩემის მული თამარ ბექაური  მაშინ მიყვებოდა ხოლმე გოდერძისა და დედამისის სიყვარულზე, გოდერძის უბრალოებასა და სისადავეზე.  თამარა იმ დროს ჩოხში ბიბლიოთეკარად მუშაობდა…

ამონარიდები დისერტაციიდან:

უბრალოებითა და გულწრფელობით ამოთქვა მთიდან ჩამოტანილი სევდაცა და იქ დამხვდურთა გულისნადებიც: სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რამ მახარებს, საუბედუროდ, ძალიან ბევრი რამ მადარდებს, იმდენად ბევრი, რომ ერთი გუდა დარდებითა მაქვს სავსე“,ამბობდა და გუდამაყრიდან ჩამოზიდულ დარდებს მთელი საქართველოს ჭირვარამს ამატებდა: ,,გული დამიდნო ქართველთა ნაღველში გამოხედვამა. შემზარა ყოველდღიურმა ჩვენზე სატანის ქედნამა“ (ჩოხელი, 2011, 42).

ღრმა ტკივილგანცდიანია ჩოხელის თვალით დანახული საზოგადოებაუფლისგან შორსმდგომი, უფლის მადლმოკლებული. მარტივია მისიკაცთა საზომი“ – სული და გული!… ნამუსიან კაცს, აბა, რა შეედრება. ნამუსი კაცის მარილია. რომელ ნამუსიან კაცებზე ვფიქრობ, იცი? თავისი ნამუსით ერის მარილად რომ იქცნენ. სადღაც, ქართველი ერის ისტორიის კუთხეკუნჭულში სანთლებად აენთნენ და დღესაც იმათი ნათელი გვინათებს, თორემ ისეთი სიბნელე იქნებოდა, მგლების ხროვასავით დავერეოდით ერთმანეთს და დავჭამდით. ბნელში გამკითხავი ვინ იქნებოდა“ (ჩოხელი, 2008, 311).

   თემაზე მუშაობის დროს რა იყო მოულოდნელი სიახლე?
– სიახლე სწორედ  ის  სიღრმე იყო,  რომელიც  ჩოხელის  შემოქმედების  წიაღშია,  ერთი  შეხედვით, დამალული,  აკი, ზოგიერთებს დღესაც ჰგონიათ „,ერთი კუთხის“ მწერალი,  სინამდვილეში  მის  სათქმელს  საზღვრები  არა აქვს,  ზოგადადამიანურია მისი  პრობლემები, მისი  აზროვნების  ჰორიზონტი  დროსა და  სივრცეს  სცდება,  მეც შევეცადე,  ამომეცნო მისი  სათქმელი ისე, როგორც  შევძელი.
დღევანდელი სკოლა და პრობლემები
–  რეფორმა დიდი ხნის წინ დაიწყო, ეროვნული სასწავლო მიზნები დასახულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიცით, საით მივდივართ. რა თქმა უნდა, არის პრობლემები და ამაზე თვალის დახუჭვა თავის მოტყუება იქნებოდა. შეუძლებელია, ამ სფეროში თვითკმაყოფილება, მუდმივი ძიება და განახლებაა საჭირო. რაც მთავარია, ყველა დებულება, ყველა მიდგომა პრაქტიკული მოცემულობიდან უნდა მომდინარეობდეს. ვერ ვიტყვი, რომ დისციპლინის პრობლემები გვაქვს სკოლაში, ერთი ოჯახივით ვართ და ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ. მოქმედებს ერთობლივად შემუშავებული შინაგანაწესი და ეთიკის კოდექსი. თუმცა ვთვლი, რომ სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი უნდა იყოს, მოტივაციისა და თვითგანვითარებისათვის ბავშვებს მეტი დამოუკიდებლობა სჭირდებათ სწავლების კუთხით, მეტი აქცენტი კვლევებსა და აღმოჩენებზე, დაკვირვებასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე და არა რომელიმე საგანში რომელიმე თემის ან ნაწარმოების გავლაზე, მასწავლებლის მიერ დაგეგმილი ნებისმიერი აქტივობა კონკრეტული უნარების შეძენას უნდა ისახავდეს მიზნად და არა რაოდენობრივი ცოდნის გადაცემას. ამ მხრივ პრაქტიკული გამოცდილება გვაკლია. მე არ ვსაუბრობ კონკრეტულად ჩემს სკოლაზე, ვსაუბრობ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ზოგადად სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მოტივაცია დაბალია.
ჰობი?
– მინდა ყველამ გაიცნოს ჩემი ნახევრად დაცლილი სოფელი და გამორჩეული, ყველა სიკეთით სავსე მოსწავლე-მასწავლებლები, მინდა იცოდნენ, რომ  ლოპოტის ხეობაში, მთის ამ პატარა  ულამაზეს  ფშაურ  სოფელში  ძალიან  კარგი ადამიანები  ცხოვრობენ, შრომობენ, თავიანთ  წილ  აგურს  დებენ ყველა  საქმეში.  ასეა თუ ისე,  სოფელმა  მძიმე  წლების კრიზისი უკვე გაიარა,  ბებო-პაპების იმედად  დატოვებული  გოგო-ბიჭები  წამოიზარდნენ,  უკვე კაცობენ და ქალობენ.
ჩემი ჰობიც  ამ  სოფლის ცხოვრებით  ცხოვრებაა, ჩემი გაზრდილებით   სიხარული, ხანდახან მეც მიფიქრია სხვაგან  წასვლაზე,  მაგრამ  ვგრძნობდი, საკუთარ თავს  ვერსად გავექცეოდი,   ვერსად  ვიგრძნობდი  თავს  საჭირო  ადამიანად,  ვერსად ვიგრძნობდი  ამდენ სიხარულს, რასაც ამ  სოფლის გზაზე ამვლელ-ჩამვლელები  მანიჭებენ  ყოველდღე,   ვიქნებოდი  სადმე,  გავაკეთებდი  რამეს,  მაგრამ  ლაფანყურს იქით, ვერსად  –  ბედნიერი და  კმაყოფილი.
სამომავლო გეგმები
– ჩემი სამომავლო გეგმები  ისევ სკოლას  და  სოფელს  უკავშირდება,   როგორც  აღვნიშნე, სკოლა განვითარებას  ვერ  შეწყვეტს  და,  შესაბამისად,  ჩემმი გეგმებიც  ყოველდღიურ  საჭიროებებზე იქნება მორგებული. მინდა ხელი  შევუწყო   ხალხური  რეწვის  განვითარებას,   ბავშვებს წინაპრების ცოდნა   არ  დავუკარგოთ,   პრაქტიკულად  ვასწავლოთ ხელსაქმე, ქსოვა,  ქარგვა, თექა.
ზოგადად, დიდი  და პატარა   პირობითი  მცნებებია,   სადაც  ხარ,  სულით  და  გულით უნდა იყო,   ბოლომდე უნდა  დაიხარჯო, მხოლოდ  ამაშია  ცხოვრების  აზრი.

ამონარიდები დისერტაციიდან:

გარდაიცვალა?! ზარების რეკვას გაჰყვა უფალთან სასაუბროდ, სადაც მასზე მდიდარი იშვიათი მიდის. იმ საუფლოს მიაშურა იმედიანმა, საიდანაც ჩვენი მოდგმის გამოსახსნელად მოიტანა ღმერთის ლამაზი სიმღერა, მოიტანა თვითონ ღმერთის იმედი. ნაწილიანისათვისსამძღორს იქით გადასვლასიკვდილს კი არა, სულ სხვა სიცოცხლის დასაწყისს ნიშნავს. აკი წერდა: ,,მე დავბრუნდები საიქიოდან, ბალახად მოვალ, ნისლად და წვიმად, წამალბალახა ყვავილს მოვიტან, რომ ვუმკურნალო, ვისაც რა სტკივა“ (ჩოხელი, 2011, 68). გოდერძი ჩოხელის შემოქმედებითი კრედო სწორედ ესაა, ესაა მისი ადამიანური და მოქალაქეობრივი ვალიცა და ღვთიური ნიჭის დანიშნულებაც“…

გოდერძი ჩოხელს არ უცხოვრია მატერიალური კეთილდღეობისთვის, მან უმწეობის მორევში ჩაძირულ მრავალთა სულს სანთლად აუნთო სხვა სამყაროში, სულისა და უფლის სამყაროში მიმავალი გზის ნათელითავისი შემოქმედება, ცისარტყელასავით მიწიდან ცისკენ ამავალი მადლი“.

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები