მიხეილ დუნდუა: მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით სიღარიბის გაუარესების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი საქართველოში 2004-2011 წლებში იყო
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა მსოფლიო ბანკის ახალ, სიღარიბის კვლევის გაუმჯობესებულ მეთოდოლოგიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ სიღარიბის გაუარესების ყველაზე ხანგძლივი პერიოდი საქართველოში 2004-2011 წლებზე მოდის.
როგორც დუნდუა მსოფლიო ბანკის განახლებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით წერს, 2011 წლის სიღარიბის დონე 2004 წლის მაჩვენებელზე უარესია, ხოლო 2012-2017 წლებში სახეზე გვაქვს სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირება.
„ახალი მეთოდოლოგიით მსოფლიო ბანკი განიხილავს სიღარიბის სამ დონეს –
როცა:
1. კეთილდღეობის მიღმა მყოფი პირების დღიური სამომხმარებლო ხარჯები ერთ სულზე 5.5$(PPP)-ზე დაბალია (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით);
2. სამომხმარებლო ხარჯები ერთ სულზე დღეში 3.2 $(PPP)-ზე დაბალია. პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ გამოხატული სიღარიბე;
3. უკიდურესი სიღარიბე, როცა სამომხმარებლო ხარჯები ერთ სულზე დღეში 1.9 $(PPP)-ზე დაბალია ;
მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველოში კეთილდღეობის მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი, რომელთა საშუალოდღიური სამომხმარებლო ხარჯი 5.5$(PPP)-ზე ნაკლებია , 2004 წლიდან 2011 წლამდე არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა 59.29%-იდან 59.48%-მდე. 2012 წელს, პოლიტიკური თვალსაზრისით გარდამავალ წელს, მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა. გაუმჯობესებამ 2004 წელთან შედარებით 3.89 პროცენტული პუნქტი შეადგინა და მაჩვენებელი 55.4%-ს გაუთანაბრდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით 2013 წლამდე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კეთილდღეობის მიღმა იყო და მათი წილი 55-60%-ის დიაპაზონში მერყეობდა. 2013 წელი იყო პირველი წელიწადი, როცა კეთილდღეობის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 50%-ზე ნაკლები გახდა, მომდევნო წლებში მაჩვენებელმა მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო , სარკისებულად შეიცვალა და 2017 წელს 43.58%-ს გაუთანაბრდა.
რაც შეეხება გამოხატული სიღარიბის დონეს, როცა დღიური სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე 3.2$(PPP)-ზე ნაკლებია, მსოფლიო ბანკის ექსპერტიზის მიხედვით, ეს ინდიკატორიც ასევე გაუარესებული ყოფილა 2004 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში. 2004 წელს სიღარიბის ამ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 28.17% იყო; _ 2011 წელს გაიზარდა და გახდა 28. 89%. 2012 წელს, მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა. გაუმჯობესებამ 2004 წელთან შედარებით 2.39 პროცენტული პუნქტი შეადგინა და მაჩვენებელი 25.78%-ს გაუთანაბრდა. ინდიკატორმა მკვეთრი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო და 2017 წელს 16.33%-ს გაუთანაბრდა, ანუ 2012 წელთან შედარებით მაჩვენებელი ერთნახევარჯერ და მეტად გაუმჯობესდა.
რაც შეეხება უკიდურესი სიღარიბის დონეს, როცა დღიური სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე 1.9$(PPP)-ზე ნაკლებია, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ეს ინდიკატორიც ასევე გაუარესებული ყოფილა 2004 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში. 2004 წელს უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 10.14% იყო; 2011 წელს გაიზარდა და გახდა 11. 28 % . 2012 წელს, მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა. გაუმჯობესებამ 2004 წელთან შედარებით 1.52 პროცენტული პუნქტი შეადგინა და მაჩვენებელი 8.62%-ს გაუტოლდა. ინდიკატორმა მკვეთრი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, 2015 -2016 წლებში 4%-ზე დაბალიც კი იყო, 2017 წელს 5.02%-ს გაუთანაბრდა, რაც 2011-2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით საშუალოდ 2-ჯერ გაუმჯობესებულია (შემცირებულია)“, – წერს მიხეილ დუნდუა.