დავით მათიკაშვილი: “ნაცმოძრაობას” აქვს ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან მიმართებაში, რაც ძალიან კარგად დაინახა სრულიად საქართველომ
“ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან მიმართებაში, რაც ძალიან კარგად დაინახა სრულიად საქართველომ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით მათიკაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.
მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” დღეს რესურსი არ გააჩნია, რადგან ქართველმა ხალხმა უკვე რამდენჯერმე გამოუტანა განაჩენი.
“ნულოვან ზღვარზე რომაა “ნაციონალური მოძრაობა” დასული, უკვე კარგად ჩანს და თუნდაც დღევანდელი დღეა ამის დასტური. ხელისუფლებაში ყოფნისას მათ ჰქონდათ ე. წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა დანაშაულთან მიმართებაში და ესეც ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, რადგან ყველაზე დიდი დამნაშავეები თვითონ იყვნენ. დღეს მათ ეს რესურსი არ გააჩნიათ, რადგან ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა უკვე რამდენჯერმე. ამიტომ მათ აქვთ ნულოვანი ტოლერანტობა ზრდილობასთან, ზნეობასთან მიმართებაში, რაც ძალიან კარგად დაინახა სრულიად საქართველომ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მხრიდან განხორციელებულმა ქმედებამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რა ძალასთან ჰქონდა საქმე 2003-2012 წლებში.
„ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის პირობებში ძალიან მარტივი იყო ნებისმიერი ბრალდების შეთხზვა, ნებისმიერი პირის დამნაშავედ გამოცხადება, რადგან ამისთვის მხოლოდ ერთი კაცის ბრძანება იყო საჭირო”, -აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.