ზუგდიდის მერიამ სამშნებელო კომპანიებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც 2017-2018 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით გამოვლენილ ხარვეზებზეა საუბარი.
მუნიციპალიტეტის მერიამ სამშენებლო კომპანიებს ანგარიშში მოყვანილი პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული ვადა მისცა.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სისტემატიურად ახორციელებს მონიტორინგს, გამოვლენილ ხარვეზ-ნაკლოვანებებზე, საგარანტიო ვადის ფარგლებში თითოეულ მშენებელ ორგანიზაციას უკვე განესაზღვრა გონივრული ვადა ხარვეზების აღმოსაფხრელად. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა უმოკლეს ვადაში იქნეს 2017-2018 წლებში მომხდარი ნაკლოვანებები გამოსწორებული”,- ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცრლებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში ხარვეზები გამოავლინა.
როგორც აუდიტის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, მერიის მიერ აშენებული სახლები რამდენიმე სოფელში დაკეტილია და საცხოვრებლად არ გამოიყენება. გარდა ამისა, აუდიტის დასკვნის მიხედვით, სამუშაოების ნაწილი დაუსრულებელია. საუბარია 2017-2018 წლებში გამოვლენილ დარღვევებზე.