შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მეცნიერების განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები გააცნო.

„მინისტრმა მეცნიერების სფეროს გაძლიერებისა და კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობას გაუსვა ხაზი და ამ კუთხით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის როლზე გაამახვილა ყურადღება.

საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ წარადგინა. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო საგრანტო კონკურსების სახელმწიფოებრივ  მნიშვნელობაზე, მიზნებზე, პრიორიტეტებზე, საკონკურსო პირობებსა და პროექტების შეფასების მექანიზმებზე.

საუბარი შეეხო რუსთაველის ფონდის ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო პროგრამებს, სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გააქტიურების პერსპექტივებს, სხვა პრიორიტეტულ პროექტებს, მიღწეულ შედეგებსა და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებს.

საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის ფარგლებში 2026 წელს, პირველად გამოცხადდება – სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი, ვატიკანში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი, საზღვარგარეთ არსებული ქართველოლოგიური ცენტრების მხარდაჭერისა და განვითარების სამეცნიერო საგრანტო კონკურსი, რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი. გარდა ამისა, უკვე გამოცხადდა მიმდინარე წლის ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები