იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
14 აპრილს, 15:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული „დედა ენის“ გამოცემები – პირველიდან თანამედროვეობამდე.
ამ საიუბილეო თარიღს ეძღვნება ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ დაბეჭდილი 1876 წლის „დედა ენის“ ხელახალი გამოცემაც. წიგნი გამორჩეულია იმით, რომ ის დიმიტრი ყიფიანის ნაქონია და თითქმის ყველა გვერდს მისივე ხელით მიწერილი კომენტარები ერთვის. ღონისძიებაზე ამ წიგნის პრეზენტაციაც გაიმართება.
„დედა ენა“ არ არის მხოლოდ წიგნი – ეს არის ქართული სულის, ენისა და კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი. იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილი ეს უნიკალური ნაშრომი საუკუნეზე მეტია, რაც თაობებს აზიარებს ქართული ენის სილამაზეს, სიწმინდესა და ძალას. „დედა ენა“, რომელიც პირველად 1876 წელს გამოიცა, იქცა იმ საფუძვლად, რომელზედაც უამრავმა ქართველმა ბავშვმა ისწავლა კითხვა, წერა და საკუთარი ქვეყნის სიყვარულიც. მისი ტექსტები, მოთხრობები და მაგალითები არა მხოლოდ განათლებას, არამედ ზნეობრივ ღირებულებებსაც გადასცემს მკითხველს – პატივისცემას, შრომისმოყვარეობას, პატრიოტიზმს, ბუნების სიყვარულსა და ადამიანურობას. ქართული ენა ჩვენი ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ენა გვაკავშირებს ჩვენს ისტორიასთან, ტრადიციებთან და ერთმანეთთან. „დედა ენა“ კი ამ კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და მტკიცე ხიდია – წიგნი, რომელმაც არაერთი თაობა გააერთიანა საერთო სიტყვითა და აზრით.
ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ დაბეჭდილი 1876 წლის „დედა ენის“ ხელახალი გამოცემა არის პატივის მიგება დიდი მასწავლებლისადმი და იმ ფასეულობებისადმი, რომელიც მან დაგვიტოვა. თითოეული გვერდი გვახსენებს, რომ ენა არის ჩვენი ძალა, ჩვენი სახე და ჩვენი მომავალი”, – წერს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია გამოცემის ჩანართში.