აფბა: რატომ სურს ნათია ჯანაშიას ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაზიანება და ლიკვიდაცია?
ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია – აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე გავრცელებულ განცხადებაში 2026 წლის 13 მარტს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ რიგგარეშე კრების შედეგებს გამოეხმაურა.
„კრების თაობაზე პირველი ინფორმაცია, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 30%-იანი აქციონერის ნათია ჯანაშიას მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია აკადემიისთვის ნაკლებად სასიამოვნო იყო, და შეიძლება ითქვას, რომ არასახარბიელოც, ნათია ჯანაშიას განცხადებაში ვერ ამოვიკითხეთ აკადემიის საუკეთესო ინტერესებისთვის მოქმედების ინტერესი.
საქმე ეხება კრებას, რომელზეც განიხილებოდა შემდეგი საკითხები: პირველი, ახალ კანონთან ბრიტანულ-ქართული აკადემიის სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანის საკითხი, რათა დაკმაყოფილებულიყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა და 1 აპრილამდე, ანუ კანონით დადგენილ ვადამდე, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ხელახალი რეგისტრაცია დასრულებულიყო და მეორე, ბრიტანულ-ქართული აკადემიის შემდგომი განვითარებისა და უკვე გაცხადებულად დაინტერესებული მოსწავლეების მოზიდვის მიზნით, მაჟორიტარი აქციონერის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ბრიტანული აკადემიის კაპიტალში შეტანის საკითხის განხილვა, მხარეთა შორის წარსულში შეთანხმებულ ფასად და წესით.
როგორც ნათია ჯანაშიას მიერ გავრცელებული განცხადებაშია მითითებული, მისი მხარე იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესდების მიღების წინააღმდეგ წავიდა და მეორე მხარე (საქართველოს განათლების ჯგუფი) იძულებული იყო ერთპიროვნულად, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მიეღო გადაწყვეტილება, რათა ბრიტანულ-ქართული აკადემია რეგისტრაციის გარეშე არ დარჩენილიყო,“ – ამბობს გიორგი კაპანაძე.
აფბას ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შეწუხებულია იმ გულგრილი და არაემპათიური დამოკიდებულებით, რომელიც ნათია ჯანაშიას განცხადებაში აისახება.
კერძოდ განცხადებაში ნათია ჯანაშია წერს: „იმ შემთხვევაში, თუ რეესტრის მიერ დადგენილი ხარვეზი არ აღმოიფხვრება, სკოლას ემუქრება რეგისტრაციის არათუ შეჩერება, არამედ გაუქმება, რაც სკოლის ლიკვიდაციის საფრთხეს ქმნის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მყარდება ვარაუდი იმის შესახებ, რომ ე.წ. ინვესტორს შეგნებულად მიჰყავს სკოლა ლიკვიდაციის პროცესისკენ მისი მრავალმილიონიანი აქტივის მისაღებად“.
გიორგი კაპანაძე ნათია ჯანაშიას საქციელში დესტრუქციულ და მიზანმიმართულად ზიანის მომტან ელემენტებს ხედავს. „რთულია, დაეწიო ნათია ჯანაშიას ლოგიკას. მისი მხარე კენჭისყრაში არ მონაწილეობს, რათა აკადემიის რეგისტრაცია გაუქმდეს და მისი ლიკვიდაცია დაიწყოს. შემდეგ ჩივის საჯარო რეესტრში, რომ მაჟორიტარი აქციონერის მიერ მიღებული წესდება არ დაამტკიცონ და ბრიტანულ-ქართულ აკადემიას სრულად შეეზღუდოს საბანკო ანგარიშების მართვა, თანხების განკარგვა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები და საოპერაციო საქმიანობის ფაქტობრივი პარალიზება გამოიწვიოს. არავინ ითხოვს ნათია ჯანაშიასგან გულისხმიერ დამოკიდებულებას, რადგან არც არავინ ელოდება ამას, მაგრამ რაოდენ გულქვა ხასიათის გამოვლენაა, როცა ხელს უწყობს შიშისა და პანიკის დათესვას სკოლის პედაგოგებსა და მშობლებში, აღვივებ ბავშვების შეშფოთებას და ღელვას“, – ასკვნის აფბას ხელმძღვანელი.
გიორგი კაპანაძის აზრით, ამ კომპლექსურ სიტუაციაში სწორედ იქცევა 70%-იანი წილის მქონე „საქართველოს განათლების ჯგუფი“, რომელიც გავრცელებული განცხადების მიხედვით სრულად იღებს თავის თავზე ყველა ფინანსურ და ყველა სხვა სახის ვალდებულებას, რათა სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა იურიდიული შეფერხებით გამოწვეული არანაირი დისკომფორტი არ იგრძნონ.
„სკოლის საზოგადოება ყველაზე კარგად ხვდება გულშემატკივრისა და ავის მოსურნეს ხასიათსა და ქცევას. სამართლებრივი გაურკვევლობა უახლოეს მომავალში მოგვარდება – დარჩება კითხვები, თუ რატომ სურდა ნათია ჯანაშიას აკადემიის დაზიანება და ლიკვიდაცია“, – ამბობს კაპანაძე.