წლის 10 მთავარი ეკონომიკური მოვლენა

რა ეკონომიკური ეფექტი ახლდა თან 2019 წელს? ამ კითხვაზე ეკონომისტების პასუხი თითქმის ერთგვაროვანია და ყველა უპირველესად ექსპორტის ზრდას ასახელებს.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს მთლიანი ექსპორტის 11.7%_იანი ზრდა ფიქსირდება.

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 752.3 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 14.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.2 პროცენტს შეადგენს.

2019 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.9 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (454.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (444.6 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (353.9 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 601.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 594.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 17.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 261.2 მლნ. აშშ დოლარით (7.7 პროცენტი).

ექსპორტის ზრდის პარალელურად, სპეციალისტებს არც ინვესტიციების კლების აღნიშვნა ავიწყდებათ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. პოზიტიურ ჭრილშივე შეიძლება შეფასდეს მესამე კვარტალში განხორციელებულ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების 60%-იან მაჩვენებელზე გადაჭარბება. თუმცა, ჯამურად 9 თვის მონაცემებში კლებაა დაფიქსირებული, კერძოდ: 2018 წლის პირველ 3 კვარტალთან შედარებით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ინვესტიციები დაახლოებით 20%-ითაა შემცირებული.

“აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების კლებას ობიექტური მიზეზებიც გააჩნია, რომელთა შორის ყველაზე მასშტაბური სტრატეგიული მილსადენების მშენებლობის დასრულებაა,” – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ეკონომიკის დოქტორი ვახტანგ ჭარაია.

ეკონომისტი ცალსახად დადებითად აფასებს ტრანს-ანატოლიური მილსადენის(TANAP)ამუშავებას და განმარტავს, რომ  TANAP-ის პროექტის ამოქმედება საქართველოს: ენერგო, ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესია.

“აღნიშნული პროექტით 2023 წლისთვის საქართველოს მიერ მიღებული უფასო ბუნებრივი აირის მოცულობა დღევანდელთან შედარებით პრაქტიკულად 4-მაგდება და დღევანდელი 300 მილიონიდან 1.15 მილიარდ კუბურ მეტრამდე იზრდება, რაც თავის მხრივ დღევანდელი ჯამური მოხმარების დაახლოებით ნახევარს ან/და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ბუნებრივი აირის მოცულობას უდრის. უფრო მეტიც, 2026 წლისთვის გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობა 30 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს, საიდანაც საქართველო უსასყოდლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 5%-ს იგივე 1.5 მილიარდ კუბურ მეტრს ბუნებრივ აირს მიიღებს,” – წერს ექსპერტი.

ჭარაია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მიუხედავად, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა, აღნიშნულმა პროექტმა დაგეგმილი განვითარება მაინც ვერ შეძლო. ექსპერტი იმედოვნებს, რომ პროექტი 2020 წელს არ დაკარგავს აქტუალობას.

“ანაკლიის პორტი საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტია. ის აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით. მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, ეს ფაქტორები შეუწყობს ხელს პორტის პროდუქტიულობას, ეფექტურობასა და საიმედოობას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და გახსნა 2020 წელს იგეგმებოდა. მთლიანობაში, პორტი 9 ფაზად უნდა განვითარებულიყო. ინვესტიციის საერთო მოცულობას კი 2.5 მილიარდი აშშ დოლარი უნდა შეედგინა. სამწუხაროდ, აღნიშნული მასშტაბური პროექტი 2019 წელს მრავალჯერ გახდა დავის საგანი და მედია გაშუქების ობიექტი,” – აღნიშნავს ის.

სპეციალისტების შეფასებით, “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ერთ-ერთი მასშაბური პროექტია, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

ცნობისთვის, საპრივატიზაციო პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” 2019 წლის ნოემბერში ამოქმედდა. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა. ობიექტების ჯამური ღირებულება 150 მილიონი ლარია. მთავრობა ამ პროექტისგან ხალხის დასაქმებასა და 200 მილიონი ლარის ინვესტიციას ელის. საპრივატიზაციო ობიექტები 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტშია გაბნეული. აუქციონი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ნუსხა განახლებადია და მას სხვა ობიექტებიც დაემატება. პროექტის პირველი ორი კვირის განმავლობაში 26 ისეთი ობიექტის პრივატიზება მოხდა, სადაც ჯამურმა ინვესტიციამ 41 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, როდესაც მათი საწყისი ღირებულება მხოლოდ 30 მილიონი ლარად იყო შეფასებული. ცალკეული პროექტების საბოლოო ფასმა საწყის ფასს 300%-თაც კი გადააჭარბა.

ექსპერტები 2019 წლის ეკონომიკაზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებენ ასევე დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებაზე.

“საქართველოში მრავალი ვნებათაღელვის საგნად იქცა, განსაკუთრებით 2019 წლის პირველ ნახევარში. ხშირი იყო მოწოდებები საპენსიო სისტემის დატოვების, მასთან დაკავშირებული მრავალი გამოწვევიდან გამომდინარე. თუმცა, საქმე არც თუ ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით სჩანს. 2019 წლის დეკემბრის ბოლოსთვის საპენსიო სისტემაში დაგროვილმა შენატანებმა 491 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც შესანიშნავი შესაძლებლობაა საპენსიო ფონდის სახით ქვეყანაში სოლიდური საინვესტიციო ფონდიც ჩამოყალიბდეს (საპენსიო ფონდისთვის დამახასიათებელი ინვესტირების შესაბამისი სტანდარტების დაცვით). გამოწვევებს შორის რომელიც აღნიშნულ მოვლენას უკავშირდება არის: გრძელვადიანი არასტაბილურობის განცდა, წლების შემდგომ ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარი, სახსრების არაკეთილსინდისიერად ან/და არაპროფესიონალურად დაბანდების რისკი და ა.შ. თუმცა ფაქტია ისიც, რომ სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის და სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალური ხარჯების ისედაც დიდი წილის ფონზე, რომელიც ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება (2030 წლისთვის პენსიონერთა რიცხვი 800 ათასიდან 1 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება), კერძო შენატანებზე დაფუძნებულ დაგროვებით საპენსიო სისტემას (დამსაქმებლის და სახელმწიფოს კონტრიბუციის გათვალისწინებით) ალტერნატივა არ გააჩნია,” – აცხადებს “სექტორი სამის” ანალიტიკოსი ჭარაია.

სპეციალისტები წარმატებულ და ღირებულ პროექტად აფასებენ ქვეყანაში ელექტრომობილებისა და მზის პანელების წარმოების დაწყებას.

ვრცლად იხილეთ: report.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები