მარიამ ქვრივიშვილი: საერთაშორისო არეალზე ძალიან გააქტიურებულია ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით და ეს ეხება ბევრ ეკონომიკურ სექტორს

„საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ის შემართება, რაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, მხოლოდ და მხოლოდ განაპირობებს იმას, რომ ქვეყანაში ინვესტიციები გაიზრდება და ჩვენ ამ დადებით დინამიკას ვხედავთ“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებზე საუბრისას მაგალითად არაბეთის გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანია „იგლ ჰილსის“ საქართველოში განხორციელებული უპრეცედენტო, $6,5 მლრდ მოცულობის ინვესტიცია დაასახელა.

„არც თუ ისე შორ წარსულში იყო პერიოდები, როდესაც ოპონენტები ამბობდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უნდა ჩამოქცეულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა – ჩვენ ვნახეთ საქართველოში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური აღორძინება. მე მაგალითად ისევ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციას მოვიყვან – თუ რამდენად დადებითი გავლენა მოუტანა მან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოზიციონირებას. ანუ, რეალურად საერთაშორისო დონეზე მოხდა აღიარება ჩვენი ქვეყნის ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატის, გამჭვირვალე, პროგნოზირებადი გარემოსი, და იმის, რაზეც კომპანიის მფლობელი მოჰამედ ალაბარი ღიად საუბრობს საერთაშორისო მედიაში – რომ საქართველომ შეძლო ის, რაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო – ასეთ მოწყვლად გარემოში უზრუნველყო მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ როგორც კომპანია „იგლ ჰილს“-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა აღნიშნა, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და დარწმუნდა, რომ ქვეყნის მომავალი ძალიან პოზიტიური იქნება.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მოჰამედ ალაბარმა სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო საქართველოში $6,5 მლრდ მოცულობის ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება.

„ეს უკვე ძალიან დადებითად აისახა ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე, გაამყარა საქართველოს პოზიციონირება გლობალურად, მათ შორის საერთაშორისო არეალზე და ბევრ ახალ ინვესტორის მისცა დამატებითი მოტივაცია, რასაც ეკონომიკის სამინისტროში უკვე ხელშესახებად ვხედავთ. ძალიან გააქტიურებულია ინტერესი ინვესტიციების განხორციელების კუთხით და ეს ეხება ბევრ ეკონომიკურ სექტორს, რომელთა შორის გამოვყოფდი ენერგეტიკის დარგს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები