მარიამ ქვრივიშვილი: სპეკულაციაა და არასერიოზულია შეფასება, თითქოს „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია რაიმე ფორმით დაკავშირებულია უკანონო მიგრაციის ზრდასთან

„იგლ ჰილსის“ უპრეცედენტო ღირებულების საინვესტიციო პროექტებზე საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სპეკულაცია უწოდა შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს ინვესტიცია რაიმე ფორმით დაკავშირებულია უკანონო მიგრაციის ზრდასთან.

„ეს მოსაზრება იმდენად არასერიოზულია, რომ შეიძლება მოსარიდებელიც კი იყოს პასუხის გაცემა, მაგრამ რადგან არსებობს ასეთი კითხვები, მზად ვართ, გამჭვირვალედ ყველა კითხვას ვუპასუხოთ. უპირველესად,  უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მისი ხისტი პოლიტიკით უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით, მეორე მხრივ, სწორედ ჩვენი ხელისუფლება არის ის ძალა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებით აკრძალა სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. დაშვებულების დონეზეც რომ დავთვალოთ საცხოვრებელი ფართების ოდენობა, რაც პროექტის ფარგლებში აშენდება და ასევე გადავხედოთ წინა წლების სტატისტიკას, ვნახავთ, რომ არაფერი განსხვავებული არ ხდება ისეთი, რომ ამ პროექტმა ბიძგი მისცეს არაჯანსაღ მიგრაციას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობას, ერთობლივ საწარმოში წილს  და იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო რჩება მიწის თანამესაკუთრედ, სადაც მრავალმილიარდიანი პროექტი განხორციელდება.

„მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ამ პროექტს არავითარი განსხვავებული მიდგომა არ ექნება და სახელმწიფო არ გეგმავს, რომ რაიმე საშეღავათო ფორმა გამოიყენოს,  მაგალითად,  ბინადრობის უფლება დაუკავშიროს საკუთრების ფლობას და ა.შ, – ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული, დეველოპერული პროექტი, თუმცა, ამავდროულად, ეს არის ორი ახალი დანიშნულების ადგილი, რომელიც ბევრად უფრო დიდ ღირებულებას შექმნის ქვეყნის ტურისტული, დეველოპერული სექტორისთვის, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად ინვესტორს აქვს ძალიან დიდი სურვილი,   პროექტის განხორციელების ფაზაში, დაგეგმარებისა და სამშენებლო ნაწილში რაც შეიძლება მეტი ქართული კომპანია ჩაერთოს.

„ბატონი ალაბარი საჯაროდაც საუბრობდა ამაზე, რომ სურვილი აქვს, პროექტში ჩაერთონ ქართველი არქიტექტორები, მშენებლები, სხვადასხვა სპეციალისტები იმისთვის, რომ ფაქტობრივად, ქართული პროექტი შეიქმნას და დარწმუნებულები ვართ, რომ ვნახავთ ძალიან მაღალი სტანდარტის მქონე ქართულ პროექტს, რომელიც, ამავდროულად, იქნება საცხოვრებელი კომპლექსი, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები