პენსიონერი მასწავლებლების ნაწილმა სკოლა დატოვა

მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისიდან პრაქტიკოსის სტატუსის მქონე 6 365-მა სკოლა დატოვა. ამავე პერიოდისთვის ბოლო წლების განმავლობაში სკოლებში ყველაზე მეტი – 4080 – ვაკანტური ადგილი გაჩნდა.

დარგის სპეციალისტების შეფასებით განათლების სისტემაში, სადაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი საკადრო ბრუნვა არ მომხდარა, ეს ინიციატივა ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც სამინისტროს მხრიდან მასწავლებლის პროფესიიდან გასვლის მექანიზმზე დაიწყო საუბარი. თუმცა, მათივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, სისტემიდან გასვლის მექანიზმის გარდა, არსებობდეს ერთი მხრივ, როგორც მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის გააზრებული პოლიტიკა, მეორე მხრივ კი – კვალიფიციური კადრების შენარჩუნების მექანიზმები.

განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ სოფლებში კი, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში კადრების შევსება გაჭირდა.

ტაბატაძე არაქართულენოვან სკოლებში არსებულ მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ამ სკოლებში პედაგოგთა დაახლოებით 30-35% საპენსიო ასაკისაა და ამის პარალელურად უმაღლეს სასწავლებლებს ამ სკოლებში პოტენციურად დასასაქმებელი კადრები არ მოუმზადებია, გრძელვადიან პერსპექტივაში იქ მასწავლებლების დეფიციტი გაჩნდება.

„არაქართულენოვან სკოლებში სწორედ ეს ვითარება შეიქმნა: გამოთავისუფლდა საათები, რომლებიც არსებულ მასწავლებლებზე მაქსიმალურად გადანაწილდა და თუ ვინმე სადმე დაკავშირებული იყო პროფესიასთან, ისიც აიყვანეს.

„საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ინიციატივა ასცდა მიზანს. მიზანი, საბოლოო ჯამში არის ის, რომ კვალიფიციური კადრი შევიდეს სისტემაში და არა ის, რომ პენსიონერმა პედაგოგმა დატოვოს სისტემა“, – ამბობს ტაბატაძე და განმარტავს, რომ მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ისინი არიან პრაქტიკოსები, გამოცდას არ აბარებენ, მაგრამ არავის შეუსწავლია, რატომ არ აბარებენ პენსიონერი მასწავლებლები გამოცდას.

მკვლევარს ეჭვი აქვს, რომ მათგან გამოცდაზე უარი თქმის მიზეზი დაბალი კვალიფიკაცია კი არა, სისტემისადმი პროტესტია.

“სრული მარაზმია – როცა მასწავლებლების 21% პენსიონერია, 26% 5 წელიწადში გახდება პენსიონერი – მათ შესთავაზო პროფესიული განვითარების სქემა, სადაც მან უნდა ჩააბაროს გამოცდები სტატუსის მოსაპოვებლად, გაიაროს რამდენიმეწლიანი საფეხური, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ეს პედაგოგი არ შემოვიდოდა. მაინცდამაინც პენსიონერებს თუ გავუშვებთ, არ ნიშნავს, რომ უხარისხო მასწავლებელები გავუშვით და კვალიფიციურები მივიღეთ მათ ნაცვლად, ეს ცალსახაა. ამას უნდოდა მეტი კვლევა და ანალიზი,” – აცხადებს მკვლევარი.

შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ, ზოგადად, მიდგომა დისკრიმინაციული იყო, იმიტომ, რომ ვრცელდებოდა მხოლოდ პრაქტიკოს მასწავლებლებზე, ვინაიდან შესაძლებელია უფროს და წამყვან მასწავლებლებსაც ჰქონოდათ ორწლიანი ბონუსის აღების სურვილი და სკოლიდან წასვლა, სულ მცირე მათთვის ამის შესაძლებლობა უნდა მიეცათ. მათ არჩევნის საშუალება უნდა ჰქონოდათ.

განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, პროექტის პირველი ეტაპის მონაცემებით რეგიონულ ჭრილში, სკოლა საპენსიო ასაკის ყველაზე მეტმა პედაგოგმა იმერეთში დატოვა. უფრო კონკრეტულად კი სამი რეგიონი, სადაც ყველაზე მეტმა პენსიონერმა პედაგოგმა დატოვა სკოლა, ასეთია: იმერეთი – 1090 პედაგოგი, თბილისი – 858 და ქვემო ქართლი – 832 პედაგოგი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისთვის საჯარო სკოლებში გაჩენილი 4080 ვაკანტური ადგილიდან 4006 ადგილი შეივსო. რეგიონების ჭრილში კი ეს მონაცემები ამგვარად გამოიყურება, ყველაზე მეტი ვაკანტური ადგილი გაჩნდა თბილისის (637), იმერეთისა (575) და ქვემო ქართლში (549).

იქამდე, სანამ პენსიონერი პედაგოგები სკოლას დატოვებდნენ, ივნისში არსებული მონაცემებით, სკოლაში დასაქმებული პრაქტიკოსი პედაგოგების საერთო რაოდენობა 35 346 იყო, მათ შორის 12 111 პენსიონერი.

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები