მაშველებმა, თეთნულდზე, ზვავში მოყოლილი ერთი ტურისტი გადაარჩინეს, მეორეს კი ეძებენ
მაშველებმა, მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ჩამოწოლილ ზვავში მოყოლილი ერთი ტურისტი გადაარჩინეს, მეორეს სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა. შემტყობინებლის განცხადებით, ჩამოწოლილი თოვლის ქვეშ, სავარაუდოდ, მოყოლილი იყვნენ ტურისტები.
შეტყობინებაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები.
მაშველებმა ამოიყვანეს ზვავში მოყოლილი ჩეხეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელსაც ზედა კიდური ჰქონდა დაზიანებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა სტაციონარში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის საძიებო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები სპეციალური ტექნიკის საშუალებით მუშაობენ,” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფება.