ლადო ბურდულის გზა ფეხბურთელობიდან მწვრთნელობამდე და მისი საფეხბურთო ფილოსოფია
ბევრი გუნდი გამოიცვალა, ნაკრებშიც არაერთი შეხვედრა ჩაატარა, მარცხის გემოც გაიგო და მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც მოიპოვა. მოკლედ, „დიდი ფეხბურთი“ ითამაშა და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჯერ ერთ-ერთი კლუბის დირექტორად, მერე კი, მწვრთნელად გამოსცადა თავი.
ლადო ბურდული – ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ბევრს შრომობდა და მწვრთნელი, რომელიც… თუმცა, მოდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ…
-ბავშვობაში სულ ბურთით ვთამაშობდი და ჩემი პირველი სიტყვაც „ბურთი“ იყო. 5 წლის ვიყავი, როცა საბავშვო ბაღში აგვარჩია ერთმა უცხოელმა სპეციალისტმა, ვატილა ვიხრიმ, რომელიც საქართველოში სწავლობდა და ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით, დესერტაციას იცავდა, თან კლუბის შექმნა სურდა. ბაღები მოიარა, ჩვენს ეზოში მოვიდა, სასწავლო პროცესი შეაწყვეტინა და ბავშვები ჯგუფებად დაგვყო. ვითამაშეთ… აგვარჩია რამდენიმე ბავშვი და გვითხრა, რომ ამა და ამ დროს ფიზკულტურის ინსტიტუტში მივსულიყავით. არასაფეხბურთო ოჯახიდან ვარ და მშობლებს ჩემი ფეხბურთელობა, მაინც და მაინც, არ სურდათ. მოკლედ, არ გამიშვეს. რომ არ მივედი, მწვრთნელმა ერთი კვირის შემდეგ მასწავლებლისგან გაიგო ჩემი სახლის მისამართი და თვითონ მოვიდა. მშობლებს უთხრა, ამ ბიჭში დიდ პოტენციალს ვხედავო და სთხოვა, ჩემთვის მასთან თამაშის ნება მოეცათ. სწორედ მაშინ გადავდგი პირველი ნაბიჯი და დაიწყო ჩემი მოწამვლა იმ ყველაფრით, რასაც ფეხბურთი ჰქვია.
5-დან 31 წლამდე ვითამაშე. რომ წამოვიზარდე, რეზო გაგუასთან 16 წლამდელთა ნაკრებში მოვხვდი. მაშინ ჩვენ რეზო გაგუას ბიჭებს გვეძახდნენ. საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენ გავედით ევროპის ჩემპიონატზე. შემდეგ 18 წლამდელთა ნაკრებში, ვახტან კოპალეიშვილის ხელმძღვანელობით, უფრო დიდ წარმატებას მივაღწიეთ და ევროპის ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდშიც მოვხვდით. ფლეი-ოფში ჩეხეთის ნაკრები გამოვაგდეთ, რომელშიც თამაშობდნენ: როსიცკი, პაბორსკი, ჩეხი – ფეხბურთელები, რომლებმაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვეს. ამავე დროს ქვეჯგუფში გვყავდა ესპანეთი, რომლის კარსაც იკერ კასილასი იცავდა.
18 წლამდელთა მერე სანაკრებო კარიერა 21 წლამდელთა ნაკრებში გავაგრძელე და როცა დრო მოვიდა, ეროვნულ ნაკრებშიც ვითამაშე.
–რომელი პერიოდი იყო გარდამტეხი შენს საფეხბურთო კარიერაში?
-გარდამტეხი პერიოდი, ალბათ, ის იყო, როცა „ნორჩი დინამოდან“ დათო ყიფიანმა თბილისის „დინამოში“ გადამიყვანა და 17 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ვარჯიში და თამაში ძალიან კარგ მწვრთნელთან მომიწია. მართლა პატარა ბიჭი ვიყავი და ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება და პატივი იყო. პროფესიონალური ფეხბურთი ლადო ბურდულისთვის სწორედ აქედან დაიწყო. 22 წლიდან უცხოურ გუნდებში გავაგრძელე თამაში. კარიერის ბოლო უცხოური გუნდი ბაქოს „ნეფთჩი“ იყო, საიდანაც ცხინვალის „სპარტაკში“ დავბრუნდი და საფეხბურთო კარიერა სამშობლოში დავასრულე. ჯანმრთელობამ დიდხანს არ შემიწყო ხელი და ფეხბურთელის რანგში ამ სპორტს 31 წლის ასაკში დავემშვიდობე.
–მაშინ გადაწყვეტილი გქონდა, რომ ფეხბურთს არ მიატოვებდი და საქმიანობას სამწვრთნელო მიმართულებით გააგრძელებდი?
-რა თქმა უნდა, მწვრთნელობა მინდოდა, მაგრამ ასეთი მოცემულობის წინაშე ვიდექი: ბოლნისის „სიონში“ გათავისუფლდა კლუბის დირექტორის პოსტი და კადრს ეძებდნენ. არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. 32 წლის ბიჭი უკვე კლუბის დირექტორი გავხდი. იმ წელს გუნდი უმაღლესი ლიგიდან ვარდებოდა და ცაითნოტში ვიყავით. გვყავდა კარგი მწვრთნელი, არმაზ ჭილაძე, რომელთან ერთადაც შევძელით გუნდის ლიგაში დატოვება. მწვრთნელის რანგში ჩემი დებიუტი სწორედ ბოლნისის „სიონში“ შედგა. არმაზი წავიდა და დირექტორობის პარალელურად, მე მწვრთნელობის შეთავსება მომიწია. ამ პერიოდში მოვახერხე, გუნდი უეფას შესარჩევზე გამეყვანა. მესამე ადგილზე გავედით საქართველოს ჩემპიონატში, თასის ფინალი ვითამაშეთ და ბევრი კარგი შედეგიც გვქონდა. მიუხედავად ამ წარმატებებისა, ბოლო სეზონში უმაღლესი ლიგიდან გამოვვარდით. ეს ვერ ვაპატიე ჩემს თავს და კლუბი ჩემივე გადაწყვეტილებით დავტოვე. ჩავთვალე, რომ შედეგი მიუღებელი იყო. მოვიქეცი ისე, როგორც, ალბათ, ყველა მენეჯერი უნდა მოიქცეს და პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღე. მართალია, რთული და მტკივნეული, თუმცა სწორი ნაბიჯი გადავდგი.
–შეგეძლო, ადმინისტრაციული მიმართულებით, არაერთ მაღალ პოზიციაზე გაგეგრძელებინა მუშაობა. იმ კომფორტსა და პრივილეგიებზე, რაც ასეთ თანამდებობას თან ახლავს, უარს, როგორც წესი, არ ამბობენ. ამ მოცემულობაში შენ გადაწყვიტე, შენი კავშირი ფეხბურთთან უკვე მხოლოდ მწვრთნელის რანგში გაგეგრძელებინა და გამხდარიყავი ადამიანი, რომელსაც შეცდომებს პირველ რიგში არ პატიობენ ხოლმე…
-მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც მენეჯერმა, შეცდომები დავუშვი, ვთვლი, რომ დავალებას თავი გავართვი და ურიგოდ არ გამომივიდა. თუმცა, დირექტორობა ჩემი მოწოდება არასდროს ყოფილა. მე ყოველთვის უფრო ახლო კავშირი მქონდა ფეხბურთთან და მინდოდა, სათამაშო პროცესის მონაწილე ვყოფილიყავი. ამაში ბოლომდე დავრწმუნდი, როცა „სიონში“ მწვრთნელის ამპლუაში ვიმუშავე. პარალელურ რეჟიმში, ვიცავდი ლიცენზიებს. დავიცავი „ბ“ ლიცენზია, რის შემდეგაც ორი წელი უნდა მემუშავა, მერე „ა“ ლიცენზია, რომლითაც 3 წელი ვიმუშავე და ახლახან „პრო“ ლიცენზიაც მოვიპოვე. მივიღე უმაღლესი საფეხბურთო განათლება, რომელიც ძალიან დამეხმარა იმ ყველაფრის გასაკეთებლად, რაც დღემდე შევძელი. ამან შემასწავლა, როგორი უნდა იყოს მწვრთნელი და როგორ უნდა ვითარდებოდეს ის. ვხვდები, რომ ეს ჩემი საქმეა.
-„სიონიდან“ პირდაპირ „არაგვის“ მთავარ მწვრთნელად გააგრძელე მუშაობა. მაშინ „არაგვი“ მეხუთე ლიგაში იყო. შესაბამისად, შენც პირველი ლიგიდან მეხუთე ლიგაში წამოხვედი – მაღალი საფეხურიდან ძალიან დაბლა. რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება?
-სხვათა შორის, ამ გადაწყვეტილებამ ბევრი ქილიკი გამოიწვია. ამბობდნენ, ბოლნისის „სიონი“ გააგდო და ახლა თავისი ადგილი იპოვა მეხუთე ლიგაშიო. სიმართლე გითხრათ, სხვა გუნდებიდან შემოთავაზება არც მქონია. მწვრთნელისთვის კი ძალიან რთულია ამ საქმის გარეშე გაჩერება. ალბათ, ზოგს ეთაკილება უმაღლესიდან დაბალ ლიგებში გადმოსვლა, თუმცა ეს ნორმალური, ბუნებრივი პროცესი მგონია. ფეხბურთი, ისევე როგორც ცხოვრება, რისკია და ის, ვინც შეცდომებს არ უშვებს, არ მოქმედებს და ვერაფერს სწავლობს. მე მწვრთნელობისკენ რაღაც ყოველთვის მეძახდა, ამიტომ „არაგვში“ წამოვედი.
–წახვედი ისეთ ადგილას, სადაც ყველაფერი თავიდან გქონდა შესაქმნელი, გუნდი ასაწყობი იყო და ეს იცოდი. წინ ძალიან დიდი გზა გქონდა გასავლელი. მზად იყავი ამისთვის? ფიქრობდი, რომ გქონდა წინსვლის პოტენციალი?
-ბევრი ტიპის ადამიანი არსებობს – ზოგმა შეიძლება, მალე ჩაიქნიოს ხელი, ვიღაცას მარტივად გამოუვიდეს რამე, მაგრამ, ჩემი საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე, შედეგის მისაღწევად მე ყოველთვის მეტი შრომა მჭირდებოდა. სირთულეებს და გამოწვევებს მიჩვეული ვიყავი, ამიტომ წარმოუდგენელიც იყო, სახლში დავმჯდარიყავი და დამეცადა, როდის დამიძახებდნენ რომელიმე მოწინავე გუნდში. ცნობილი გამოთქმაა, რომ მწვრთნელი ყოველთვის ჩემოდანზე ზის, ამიტომ მეც ის სულ ჩალაგებული მაქვს. არასდროს იცი, როდის დაგიძახებენ და გაგიშვებენ. ვიცოდი, რომ ძალიან რთული გზა უნდა გამევლო, თუმცა ძალიან კარგი ბაგაჟი მქონდა. გამოცდილება, რომელიც „სიონის“ მწვრთნელობიდან მივიღე, ბევრი შეცდომის გააზრებაში დამეხმარა. ხელი შემიწყო სწავლამაც, რომელიც ამ დროის მანძილზე არასდროს შემიწყვეტია.
„არაგვში“ გადმოსვლა იმ ფაქტორმაც გადამაწყვეტინა, რომ მე მთიული ვარ და ძალიან მინდოდა, ჩემს მხარეს ჩემი სპეციალობით დავხმარებოდი. მსურდა, რომ მთიულეთში ფეხბურთი ყოფილიყო. თანაც, მცხეთა-მთიანეთს მხოლოდ 1 გუნდი ჰყავს.
–ფაქტია, დღეს მთიულეთში ფეხბურთი არის… მეხუთე ლიგიდან „არაგვი“ მეორე ლიგაშია. თავისი პატარა ისტორია ამ გუნდმა უკვე დაწერა. მთავარი გზა წინ არის, მაგრამ როგორ ჩანს განვლილი გზა, დღევანდელი გადმოსახედიდან?
-ეს გზა ერთად გავიარეთ მე და გუნდის დირექტორმა, სოსო ჭიკაიძემ, რომელიც ჩემთან თამაშობდა. ჩვენ „სიონიდან“ დავმეგობრდით. როცა სოსომ საფეხბურთო კარიერა დაამთავრა, გადავწყვიტეთ, ერთად მიგვეხედა „არაგვისთვის“. ჩვენი ურთიერთობა ისეთი შეხმატკბილებული იყო, რომ დირექტორის და მწვრთნელის ურთიერთობას არ ჰგავდა. ყოველთვის ერთი ოჯახივით ვიყავით. ერთად ვუმკლავდებოდით სირთულეებს სამწვრთნელო საქმეშიც და მენეჯმენტშიც. მწვრთნელისთვის რაც ყველაზე მთავარია, სოსო მენდობოდა, მე მქონდა თავისუფლება და საშუალება, გუნდში ჩემი ფილოსოფია გამეტარებინა. სწორი მენეჯმენტით, დაგეგმარებითა და ფეხბურთელების სწორი შერჩევით, მიზანს მივაღწიეთ. „არაგვმა“ საქართველოს ჩემპიონატში დავიწყებული არაერთი ფეხბურთელი „გააცოცხლა“, რომელმაც შემდეგ თამაში ისევ უმაღლეს ლიგაში გააგრძელა. ჩვენ კი, დაახლოებით, 5 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ „არაგვი“ მეხუთედან მეორე ლიგაში მოგვეყვანა და აი, დღეს უკვე აქ ვართ. გუნდებს, რომლებთანაც ჩვენ ვთამაშობთ, უმაღლესი ლიგის გამოცდილება უმაგრებს ზურგს. მხოლოდ ჩვენ ვართ ისეთი, რომელიც პირველად ამოვიდა ამ საფეხურზე და ელიტაში მოხვდა. სწორედ ეს უნდა ვაქციოთ ჩვენს ძლიერ მხარედ. შეიძლება, „არაგვი“, თავისი სახელით, დებიუტანტია, თუმცა აქვს საკუთარი პლუსები. უკვე ყველამ იცის, რომ ის არის ხელწამოსაკრავი გუნდი, პირიქით, ბრძოლისუნარიანი და დასაფასებელი მეტოქეა, რომელიც გამოცდილი ხალხის ხელშია. სწორედ ეს იმიჯი შევქმენით ერთად. დავამტკიცეთ, რომ სწორი მუშაობით, სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელია. ამხანაგური შეხვედრები გავმართეთ საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდებთან. მეტიც, უცხოურ გუნდებსაც აქვთ უკვე ჩვენთან თამაშის სურვილი.
მეორე მნიშვნელოვანი მხარე კი ის გახლავთ, რომ დღეს დუშეთი ფეხბურთით ცხოვრობს. გადაწყდა, რომ ახალი, თანამედროვე სტადიონი აშენდება. ფედერაციამ გადადგა ძალიან დასაფასებელი ნაბიჯი და საფარს გვიკეთებს. გამგეობა და გუბერნია ერთობლივად მიხედავენ ინფრასტრუქტურულ მიმართულებას და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, წლის ბოლოს „არაგვი“ უკვე საკუთარ სტადიონზე უმასპინძლებს მეტოქე გუნდებს.
ბევრს ისიც არ სჯეროდა, რომ აქამდე მოვიდოდით, მაგრამ ჩვენ გვაქვს სურვილი და მოტივაცია, „არაგვმა“ კიდევ ერთი ისტორია დაწეროს და უმაღლეს ლიგაში ითამაშოს.
–როგორია ლადო ბურდულის, როგორც მწვრთნელის საფეხბურთო ფილოსოფია?
-საფეხბურთო ფილოსოფია, ალბათ, ფეხბურთელობის პროცესშივე გიყალიბდება, როცა სხვდასხვა სტილის თამაშს ეცნობი და სხვდასხვა ტიპის სქემაში მონაწილეობ.
ფეხბურთელობისას ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია. აქვე ერთ მაგალითსაც გეტყვით: უკრაინაში ჩემი თამაშის დროს, ძირითადად, მწვრთნელები ფლანგზე გასულს ჩაწოდებას მთხოვდნენ მიუხედავად იმისა, იდგა თუ არა იქ ჩვენი თავდამსხმელი. თუ ფორვარდი იქ არ იდგებოდა, მაშინ პასუხი მას მოეთხოვებოდა, თუმცა მე ეს მაინც უნდა გაგვეკეთებინა. სხვანაირი მიდგომა ჰქონდა თბილისის „დინამოში“ ივო შუშაკს, რომელიც ძალიან მაღალი დონის ხორვატი სპეციალისტია. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს თასი ავწიეთ და ესენგეს თასიც მოვიგეთ. შემდეგ ეროვნულ ნაკრებში დანიშნეს და 2003 წლის 23 აპრილს რუსეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების მოპოვება საქართველომ სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძლო. ივოს სხვა ფილოსოფია ჰქონდა, რომელიც ჩემთან უფრო ახლოს იყო. ასევე, განსხვავებული ხედვა ჰქონდა, მაგალითად, ძალიან გამოცდილ გერმანელ მწვრთნელს, ტოპმიულერს, რომელიც გვავალებდა, რომ ზემოხსენებულ სიტუაციაში, თუ ჩვენი თანაგუნდელი წინ არ იმყოფებოდა ან ვერ ასწრებდა ჩასვლას, ბურთი უკან წამოგვეღო და შეტევა სხვანაირად განგვევითარებინა.
მე იმ მომენტში შემსრულებელი ვიყავი და მწვრთნელების მითითებით ვთამაშობდი. დაგროვილი გამოცდილებიდან მწვრთნელობისას ის კომპონენტები ამოვიღე, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოს იყო, ჩამოვაყალიბე ჩემი ხედვა და დავიწყე მის განვითარებაზე მუშაობა. ლადო ბურდულის ფილოსოფია მოკლე, საშუალო გადაცემებზე და ლამაზ, კომბინაციურ ფეხბურთზეა დაფუძნებული. თუმცა, შენი ფილოსოფიის სრულფასოვნად გატარება ძალიან ძნელია. მწვრთნელისთვის სასურველ ფორმაციაში მთავარი როლი, ცხადია, ფეხბურთელს აკისრია. ფუფუნებაა, როცა შეგიძლია, ფეხბურთელი იმის მიხედვით აარჩიო, თუ როგორ ჩაჯდება ის შენს სქემაში. გვარდიოლას, კლოპის ან ნებისმიერი დიდი მწვრთნელის მაგალითზე რომ ვთქვათ, ის ისეთ გუნდშია, რომელსაც სასურველი ფეხბურთელის მოყვანის ძალიან დიდი რესურსი აქვს, ჩვენ კი ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ტაქტიკას არსებული ფეხბურთელების მიხედვით ვაწყობ, რაც, ზოგ შემთხვევაში, ჩემს ჩანაფიქრს არ ემთხვევა, ამიტომ მიწევს გადაწყვეტილება და სურვილი შევცვალო.
–ფეხბურთელი და მწვრთნელი ორი სხვადასხვა რამეა. არაერთი მაგალითი ვიცით, თუ როგორ იწვნია მარცხი კარგმა ფეხბურთელმა მწვრთნელის რანგში ან როგორ აღზევდა საშუალო დონის ფეხბურთელი დიდ მწვრთნელად. რა არის ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის მთავარი განსხვავება და რა პასუხისმგებლობაა მწვრთნელობა?
-როცა ფეხბურთელი ხარ, თუ ბოლომდე დაიხარჯები, აუცილებლად მიაღწევ მიზანს. გევალება დღეში ერთხელ ან ორჯერ, რამდენიმე საათით ივარჯიშო. თუ ამას აკეთებ, შედეგიც გაქვს, კარგ ხელფასსაც გიხდიან და თავისუფალი დროც უამრავი გრჩება. მწვრთნელობა კი დილიდან დაღამებამდე, შეუსვენებლივ მუშაობას გულისხმობს. გასაწერი გაქვს მოსამზადებელი პერიოდი, დასაგეგმი გაქვს სავარჯიშო პროცესი, შეკრებები და სხვა აქტივობები. შენი გუნდი მოსამზადებელი გყავს თამაშისთვის, უნდა შეისწავლო მოწინააღმდეგე გუნდი და მოარგო მას შენი ტაქტიკა. თამაშის შემდეგ ხარვეზები უნდა განიხილო და ამ ხარვეზების გამოსწორებაზე ავარჯიშო გუნდი, მერე კი ისევ ახალი თამაშისთვის მოამზადო. ეს დაუსრულებელი წრეა, რომელიც ყოველდღიურ, თავდაუზოგავ შრომას საჭიროებს.
-„არაგვი“ ლიგა 2-შია. რას ნიშნავს ეს გუნდისთვის და რა იქნება აწი თქვენი მთავარი გამოწვევა?
-თავად ეს ლიგა ძალიან დიდი გამოწვევაა, ამ პროცესში კი, ბევრი რამ ფინანსებზეა დამოკიდებული. ჩემს ბიჭებს სულ ვეუბნებოდი, თქვენ მესამე ლიგის ფეხბურთელები არა ხართ-მეთქი. ბოლო თამაშებში ეს თავადაც დაიჯერეს, ირწმუნეს საკუთარი თავის და ფსიქოლოგიურადაც მოძლიერდნენ. თუ მათ ახალ სეზონში რამდენიმე კარგ ფეხბურთელს დავუმატებთ, „არაგვი“ ძალიან კარგი გუნდი გამოვა. ზოგი წავა, ზოგი მოვა, მაგრამ გუნდში არსებულ ბირთვს შეუძლია, ახალ ფეხბურთელებთან ერთად, ახალ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. სწორედ ეს იქნება ჩვენი მთავარი გამოწვევა. ყველა თამაშში მაქსიმალურად დავიხარჯებით და ვეცდებით, გასავარდნ ზონაში არ მოვხვდეთ. თუ თამაში და რესურსი საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალური წინსვლისთვის ვიბრძოლებთ.
–რა არის დღეს თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე?
-ჩვენი ძლიერი მხარე ერთ მუშტად შეკრული კოლექტივია, ჩვენი მებრძოლი ხასიათი, მხარე, ლოგოც კი, რომელსაც მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს. არაგველები არასდროს არაფერს თმობდნენ და ყოველთვის ბოლომდე იბრძოდნენ. ჩვენ ერთი გუნდი გვყავს და მას დაცვა სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია საფეხბურთო განათლება, რა მიმართულებითაც, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, უფრო და უფრო მეტი ვიმუშაოთ. ვგეგმავთ ძალიან ბევრ პრაქტიკულ, კვალიფიკაციის ასამაღლებელ აქტივობას. პირადად მე დაგეგმილი მაქვს მაღალი დონის უცხოელ მწვრთნელებთან კონსულტაციები, რომლებიც ჩემი ფილოსოფიის განვითარებაში დამეხმარება. ყველაზე მთავარი კი ამ ცოდნის ბიჭებისთვის გადაცემაა, რომლის შედეგსაც თითოეული ჩვენი გულშემატკივარი სტადიონზე ნახავს.