ალექსანდრე კობაიძე: მაინც მაქვს განცდა, რომ საპროკურორო საბჭო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული იქნება
თუ საპროკორორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძეს აარჩევს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
კობაიძემ საპროკურორო საბჭოში გამართული გასაუბრებების პროცესი შეაფასა.
“საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს, რამდენად პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო საპროკურორო საბჭო. იმ შემთხვევაში, თუ ბატონი შოთაძის შეყვანა-არჩევა მოხდება ამ სამ კანდიდატში, მას შემდეგ უკვე პარლამენტისთვის გაამზადებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. მე მაქვს მაინც განცდა, რომ იმ წნეხს, რაც იყო პოლიტიკური შტურმი სახელისუფლებო პარტიისგან, საპროკურორო საბჭოში გაუძლებენ და არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული იქნება.
რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, მომეცა იმის საშუალება, რომ ჩემი თვითრეალიზება მომეხდინა გასაუბრებაზე. ჩემი თავი წარმოვადგინე. დანარჩენი მათზეა, შემიყვანენ, თუ არა იმ 3 კანდიდატში“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან გასაუბრება დაასრულა. დღეს, 14:00 საათზე საპროკურორო საბჭო ჩაატარებს კენჭისყრას და სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს შეარჩევს.
თამუნა შეყილაძე