ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლისთვის 5,2 პროცენტი შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალია.
“გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით, ეკონომიკა ყოფილიყო მდგრადი და სტაბილურად ზრდადი. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდებოდა როგორც წარმოების, ასევე სერვისების მიმართულებით. ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ და ზრდამ ტურიზმის სექტორში, რომელმაც ივლისი – სექტემბრის პერიოდში დარგიდან მიღებული შემოსავლების კლების მიუხედავად, გასული წელი მაინც ზომიერი მატებით დაასრულა,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, მთავრობა, სწორი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებით, შეძლებს ეკონომიკური სტაბილურობის გაუმჯობესებას და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას.
თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ფონდის პროგრამის მიმდინარეობა და აღნიშნა, რომ გატარებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება საქართველოში ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას, რომელიც თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია გამჭვირვალობის და კონკურენციის უზრუნველყოფა. აღინიშნა, რომ რეფორმების შედეგად საქართველოს ექნება გახსნილი, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი ევროპულ სტანდარტებს მიახლოებული მარეგულირებელი ბაზით.
შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი დაესწრნენ.