უკრაინაში საქართველოს ელჩი მირგოროდის მერს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ესაუბრა
პოლტავის ოლქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე მირგოროდს ეწვია, სადაც ქალაქის მერთან სერგეი სოლომახასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მირგოროდისა და მასთან დაძმობილებულ მცხეთას შორის არსებულ ურთიერთობებზე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს.
საუბარი ასევე ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას შეეხო.
ელჩმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მირგოროდს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საქართველოსთვის, რადგან ამ ქალაქში უდიდესი ქართველი პოეტი, დავით გურამიშვილი განისვენებს.
აღინიშნა, რომ საქართველო მირგოროდთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების განვითარებისათვის და გაღრმავებისათვის მზად არის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ელჩმა და საელჩოს თანამშრომლებმა პატივი მიაგეს დავით გურამიშვილის ხსოვნას და პოეტის მემორიალი და საფლავი ყვავილებით შეამკეს.