კელი დეგნანი: აშშ კვლავ დაეხმარება საქართველოს საზღვრის დაცვის გაძლიერებას და ამ მიმართულებით შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებაში
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, შს მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო საუბარი.
როგორც მან აღნიშნა, ამერიკა კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს.
„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, სადაც საშუალება მოგვეცა, უსაფრთხოების და მრავალი სხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განგვეხილა საქართველოსა და აშშ-ს შორის, რომლებიც უკვე წლებია, არსებობს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხია სასაზღვრო მიმართულებით მუშაობა. ბოლო რამდენიმე წელიწადში აშშ-მ 600 მილიონ დოლარამდე გამოყო საქართველოს სასაზღვრო სექტორის აღჭურვისა და კადრების გადამზადებაში შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისთვის. საქართველო ყურადღებას ამახვილებს საზღვაო და სახმელეთო საზღვრების დაცვაზე. აშშ კვლავ მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს, დაეხმარება საზღვრის დაცვის გაძლიერებას და ამ მიმართულებით შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.