ეკა ბესელია სოფო კილაძეს ულტიმატუმს უყენებს
ან კეთილს ინებებს და დადებს ამ ფაქტებს, რაზეც ლაპარაკობს ან საჯაროდ მოიხდის ბოდიშს, შემდეგ ნაბიჯებზე მერე ვილაპარაკოთ – ეს არის ჩემი ულტიმატუმი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
ბესელიას თქმით, მას დასამალი არაფერი აქვს და სოფო კილაძემ ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა.
„ამას მიჩვეული ვიყავი „ნაციონალური მოძრაობისგან“ წლების განმავლობაში და გადაასწრო ამაში, მათზე უარესი განცხადება გააკეთა. თუ არ ეხება პოლიტპატიმრებს და ამნისტიის აქტს, ახლა რომ უკან დაიხია და ამ დროს ამას გულისხმობს, უბრალოდ რცხვენია ამის აღიარება, რომ მხედველობაში სწორედ ეს აქვს. თუ ამას არ ეხება, ჩემი თხოვნაა, რომ თქვას საჯაროდ, მე დასამალი არაფერი არ მაქვს, რომელიმე გვართან დაკავშირებით, რომელ თემასთან დაკავშირებით რას ეხება.
ელისაშვილი ახსენა, რომელთანაც მე სასამართლო პროცესები დავასრულე, ცოტა ხნის წინ, უზენაესმა სასამართლომაც დატოვა ძალაში გადაწყვეტილება, რომლითაც მე მოვუგე ის პროცესი და დაეკისრა მას უარყოფა იმ ცილისმწამებლური განცხადებების.
თუ მიმითითებს, რომ სასამართლოში წავიდე, ზარდიაშვილის იმედი აქვს, რომ დაეხმარება, თუ ჩინჩალაძის სასამართლოს იმედი აქვს, ვერ უშველის. მე არ მოვეშვები მას, ტყუილად ჰგონია, რომ რაღაც თქვა, გავიარეთ და მორჩა. მე ასეთ თემებს არ ვტოვებ შუა გზაზე იმიტომ, რომ ადამიანები ამას უსმენენ და რაღაც შთაბეჭდილების ქვეშ ექცევიან. კეთილს ინებებს და ან დადებს ამ ფაქტებს, რაზე ლაპარაკობს ღიად ან საჯაროდ მოიხდის ბოდიშს, შემდეგ ნაბიჯებზე მერე ვილაპარაკოთ. ეს არის ჩემი ულტიმატუმი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, სოფო კილაძის განცხადებით, 2012 წელს განხორციელებული ამნისტიით გათავისუფლებულ ზოგიერთ პირთან – “კონკრეტულ გვართან” მიმართებით კითხვები არსებობს, რითაც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ინფორმაციისთვის, რამდენიმე წლის წინ განხორციელებული ამნისტიის აქტის ერთ-ერთი ავტორი სწორედ ეკა ბესელია იყო.