ონის მუნიციპალიტეტს თბილისის მერიამ ოთხი ავტობუსი გადასცა
მომავალი კვირიდან ონის მუნიციპალიტეტს ოთხი ერთეული ავტობუსი გადაეცემა.
სამი ავტობუსი ონი-უწერა-შოვის, ონი-ირის და ონი-ამბროლაურის მიმართულებით გადაადგილებას უზრუნველყოფს, ერთი კი სათადარიგო დარჩება და საჭიროების შემთხვევაში ქალაქში დაიტვირთება.
“აღნიშნული სოფლების მიმართულებით მოსახლეობის გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა, შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელმაც ეს დახმარება გაგვიწია და მომავალი კვირიდან უკვე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ადგილობრივების საჭიროებებზე მუშაობას და ეტაპობრივად, ყველა აუცილებელი პრობლემის მოგვარებას შევეცდებით”, – განუცხადა პირველ არხს მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ.
რაც შეეხება იმ სოფლებს, სადაც აღნიშნული ავტობუსები ვერ გადაადგილდება, მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მომსახურების შესყიდვას მერია უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ მერიამ საკაოს ხეობის მოსახლეობის ტრანსპორტირება უკვე უზრუნველყო.