“საარჩევნო სისტემაზე საჭიროა, გავაგრძელოთ დიალოგი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში სხვადასხვა ჯგუფი, დესტრუქციისკენაა მოწოდებული”
„ჩვენ ვაცნობიერებთ, როგორც ხელისუფლება, პასუხისმგებლობას, რომ საჭიროა გავაგრძელოთ დიალოგი, მიუხედავად იმისა, რომ იქ არიან ჯგუფები, რომელთაც არც დიალოგის სურთ და პირდაპირ მოწოდებული არიან დესტრუქციისკენ და ქვეყანაში დაძაბულობის შექმნისკენ”,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რჩევები ევროპელი კოლეგების და მეგობრების მხრიდან გასათვალისწინებელია.
„ძალიან საინტერესოა და მისასალმებელია, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში გაითვალისწინეს ჩვენი პოზიცია, რომ უნდა ჩაწერილიყო არა ის, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა შეთანხმდნენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, არამედ გაიზიარეს ჩვენი პოზიცია, რომ არა პროპორციულ, არამედ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უნდა გაგრძელდეს დიალოგი და მოხდეს შეთანხმება. ჩვენ ვაცნობიერებთ, როგორც ხელისუფლება, პასუხისმგებლობას, რომ საჭიროა გავაგრძელოთ დიალოგი, მიუხედავად იმისა, რომ იქ არიან ჯგუფები, რომელთაც არც დიალოგის სურთ და პირდაპირ მოწოდებული არიან დესტრუქციისკენ და ქვეყანაში დაძაბულობის შექმნისკენ. მიუხედავად ამისა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მზად ვართ, გავაგრძელოთ საუბარი, მსჯელობა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამის გამოძახილია ჩვენი შეთავაზება, რომ ნაცვლად 73 მაჟორიტარისა, შევთავაზეთ, რომ 50 მაჟორიტარის არჩევა მოხდეს და ასი წევრის არჩევა პროპორციული წესით. ეს ჩვენი შეთავაზება არის არა ჰაერზე მოტანილი, არამედ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაზე დაფუძნებული.
თუკი ოპოზიციური ჯგუფები, ვინც არიან მოლაპარაკებათა მაგიდასთან, აცნობიერებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და ფიქრობენ იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა მშვიდობიანი, გრძელვადიანი განვითარება, ვფიქრობთ, მათ უნდა ჰქონდეთ ამის რესურსი, ეს გააცნობიერონ და შევთანხმდეთ ამ საკითხზე.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი როგორც ხშირად, რჩებიან ერთი დესტრუქციული ჯგუფის, „ნაცმოძრაობის“ ახირებას აყოლილები და არ სურთ დათმობაზე წასვლა, რაც არის სამწუხარო მათივე პოლიტიკური მომავლისთვის, რადგან საზოგადოება აფასებს, ვინ ზრუნავს ქვეყნის ინტერესებზე და ვინ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.