„ევროპის საბჭოს სანქციების ბეჭებზე ატანა საკმაოდ რთული იქნება“ – როგორ შეიძლება „ლავროვის ვიზიტის დილემის“ გადაჭრა

შეიძლება, გარკვეული კომუნიკაცია იყოს რუსეთის დელეგაციასთან და ვთქვათ, ლავროვი თუ არა, მისი მოადგილე ჩამოვიდეს საქართველოში, რომელსაც არ აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ვიზიტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“ერთის მხრივ ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები ევროპის საბჭოსთან. იმიტომ, რომ შემდგომში სანქციები არ დაგვეკისროს. შეიძლება, ეს სანქციები იყოს მკაცრი, წევრობა შეგვიწყვიტონ დროებით, როგორც რუსეთს შეუწყვიტეს და მერე ისევ დააბრუნეს, შეიძლება სხვა რამ იყოს. იმ ქრისტიანული ორგანიზაციის შემთხვევაში, შეიძლებოდა, საერთოდ გადაგვედო გავრილოვის და საერთოდ ეს „ივენთი“ თბილისში და იმ ორგანიზაციის სანქციებს როგორმე ავიტანდით მარტივად. ახლა ევროპის საბჭოს სანქციების ბეჭებზე ატანა საკამოდ რთული იქნება. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონსაც დაიცავს და ვნახეთ საჯარო მზადყოფნა, პრემიერმა თქვა, რომ კანონიდან არ გადაუხვევენ. შეიძლება, გარკვეული კომუნიკაცია იყოს მოსკოვთან, რუსეთის დელეგაციასთან და ვთქვათ, ლავროვი თუ არა მისი მოადგილე ჩამოვიდეს საქართველოში, როგორც ოფიციალური პირი, რომელსაც არ აქვს ეს კანონი დარღვეული. ანუ, დიპლომატიაში შესაძლებელია ყველაფერი”, – განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 14-15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას უმასპინძლებს. ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა ამ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და როგორი იქნება რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უცხო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან – აფხაზეთში და გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან – ცხინვალის რეგიონში. შესაბამისად, რუსეთის დელეგაციის წევრების მიმართ, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამ წესის დარღვევით იმყოფებოდნენ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები