კარლ ჰარცელი: როგორც დიალოგის შუამავლები, ვაგრძელებთ დისკუსიას მხარეებთან თემებზე, რომელთან დაკავშირებითაც წინსვლა შესაძლებელია
ჯერ უცნობია, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დიალოგის მორიგი რაუნდი როდის გაიმართება,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, დიალოგის შუამავლები განაგრძობენ დისკუსიას მხარეებთან თემებზე, რომელზეც წინსვლის მიღწევა შესაძლებელია.
„ჯერ მორიგი შეხვედრის შესახებ ცნობილი არ არის. ჩვენ, როგორც შუამავლები, ვაგრძელებთ დისკუსიას სხვადასხვა მხარეებთან თემებზე, რომელთან დაკავშირებითაც შეგვიძლია, წინსვლა გვქონდეს. მცდელობა გრძელდება. ჩვენი, როგორც ფასილიტატორების როლია, განვსაზღვროთ არეალი და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა საერთო პოზიციების განსაზღვრას, რაზეც შესაძლებელია, შეჯერება დიალოგის მომდევნო რაუნდისთვის. ამ მომენტისთვის არც თარიღი და არც დრო განსაზღვრული არ არის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.