გორის მერიამ კულტურული ღონისძიების ხელშეწყობის ფარგლებში 4 პროექტი დააფინანსა

კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამას გორის მუნიციპალიტეტის მერია წელსაც განახორციელებს.  პროგრამის ფარგლებში 2020 წელს უკვე 4 პროექტი დაფინანსდა.

“გიორგი ტატულაშვილის კერამიკის, ნიქოზში ჭრა-კერვა-ქსოვისა და შშმ ახალგაზრდებისთვის ტიხრული მინანქრის შემსწავლელი უფასო კურსები მიმდინარე წელს 40 ბენეფიციარს მოამზადებს. ხელობის შემსწავლელ პროექტებს, მერიასთან პარტნიორობით, “კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი (ტიხრული მინანქარი), ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა (ჭრა-კერვა) და გორელი კერამიკოსი გიორგი ტატულაშვილი(კერამიკა) ახორციელებენ. სამივე პროექტის მთლიანი ღირებულება 35 787 ლარია, საიდანაც მერია 26 000 ლარს დააფინანსებს. აღნიშნული პროექტების გარდა, მიმდინარე წელს დაფინანსდა გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის პროექტი, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილმა და გამყოფ ხაზთან მცხოვრებმა 500-მა ბავშვმა სპექტაკლი “საშობაო სიმღერა” ნახა და თოვლის ბაბუისგან საჩუქარი მიიღო. პროექტი 6000 ლარით დაფინანსდა. კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 120 000 ლარია. გორის მუნიციპალიტეტის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, აღნიშნული პროგრამით ხელი შეუწყოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, შემოქმედ ადამიანებსა თუ ანსამბლებს, საკუთარი ნიჭის რეალიზებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილე წარმატებული ხელოვანების დაჯილდოებას. პროექტის დაფინანსების აუცილებელი პირობაა, პროექტის განმხორციელებელი ორგანიზაციის თანამონაწილეობა ფინანსური, მატერიალური ან ტექნიკური რესურსით”,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები