„მოვდიოდით თოვლში და ვიცოდით, ვეღარასდროს დავბრუნდებოდით სახლში“ – ხულოდან ნინოწმინდაში გადასახლებული ეკომიგრანტები
გორელოვკა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის ზღვის დონიდან 2065 მეტრზეა გაშენებული. სოფელი ეთნიკურ სიჭრელესთან ერთად ეკომიგრანტებითაც გამოირჩევა. საქართველო ბუნებრივი კატასტროფების სიხშირის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბოლო წლებში სტიქიების მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა და უფრო მეტ აქტივაციას განიცდის. ეს ყოველივე ეკომიგრანტების განსაკუთრებით დიდ და მზარდ რაოდენობაში აისახება. ბოლო 10 წლის განმავლობაში ბუნებრივი კატასროფების შედეგად საქართველოში სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობამ 400–ს მიაღწია, ხოლო ზარალი 500 მილიონ აშშ. დოლარზე მეტია. ყოველივე ეს კი ეკომიგრანტების განსაკუთრებით დიდ და მზარდ რაოდენობაში აისახება.
დავლაძეების ოჯახი ხულოს რაიონიდან 2008 წელს გადმოასახლეს. ცოლთან და ორ შვილთან ერთად საცხოვრებელი ზამთრის ცივ ამინდებში დატოვა. როგორც თავად იხსენებს, მათი გადმოყვანა სახელმწიფო მანქანებით მოხდა. მოდიოდნენ და იცოდნენ, რომ იმ ადგილას, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ და თავადაც ორი ვაჟი გაზარდეს, ვეღარასოდეს იცხოვრებდნენ. ეს მათი სამუდამო განშორება იყო ხულოსთან.
„თავიდან გაგვიჭირდა სახლის დატოვება, თუმცა იქ ისეთ პირობებში გვიწევდა ცხოვრება, ჯობდა წამოვსულიყავით. ბოლოს ხულოში სახლი სულ დაგვეშალა. რას ვიზავდით, სხვა გზა არ იყო, ძალიანაც არ გვინდოდა იმ ადგილის დატოვება, მაგრამ ასე იყო საჭირო. ჩემს ოჯახთან ერთად აჭარა თითქმის 100-მა კომლმა დატოვა. ვემშვიდობებოდით ერთმანეთს, არ ვიცოდით თუ ოდესმე ისევ ვნახავდით“, – იხსენებს ეკომიგრანტი თამაზ დავლაძე.
როგორც თავად ეკომიგრანტები გვიყვებიან, მათ კარგად იცოდნენ სად მოდიოდნენ, თუმცა ნინოწმინდა ტერიტორიული განფენილობისა და ნოყიერი მიწის გამო აირჩიეს. ფიქრობდნენ, მიწას დაამუშავებდნენ, საქონელს იყოლიებდნენ და ასე ცხოვრებას გაიმარტივებდნენ.
დავლაძეების ოჯახი იხსენებს, რომ ჩამოსვლისთანავე დახვდათ ბევრი პრობლემა. ერთ-ერთი მკაცრი კლიმატური პირობები იყო. ძნელად შეეგუვნენ სოციუმს. ხშირად მოსდიოდათ უთანხმოება იმ ადამიანებთან, ვინც ნინოწმინდაში მათ ჩამოსვლამდე ცხოვრობდნენ.
ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება უნდა გაეგრძელებინათ. გადმოსახლებიდან რამდენიმე წელში დავლაძეების სახლში ახალი სიცოცხლე გაჩდა. მესამე ბიჭის დაბადებამ, თითქოს იქ ყოფნა უფრო გაამარტივა.
„ოჯახში გვყავს ერთი წევრი, ყველაზე პატარა, რომელსაც აჭარაში არასოდეს უცხოვრია, თუმცა იცის, რომ ეკომიგრანტია და მისი ფესვები ხულოდან მოდის. სულ ვცდილობთ წარსულზე ვესაუბროთ. მოვუყვეთ, რა გზა გამოვიარეთ და როგორ მოვედით აქამდე. თანდათან ვაყვარებთ ჩვენს მხარეს. ვინ იცის, იქნებ ოდესმე კიდეც დაბრუნდეს საცხოვრებლად აჭარაში“, – ამბობს ნინო დავლაძე.
ეკომიგრანტი ოჯახი, წლების მანძილზე ცდილობს გაუმკლავდეს ინტეგრაციის, განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებს.
ზებური 10 წლის იყო, როცა გადმოსახლებაში მოყვა. ამბობს, რომ ოჯახში ყველაზე მეტად მას გაუჭირდა ნინოწმინდაში ცხოვრების გაგრძელება. მისი სამომავლო გეგმა არა გორელოვკას, არამედ ხულოს უკავშირდება. ამბობს, რომ დაქორწინებას იქ აპირებს.
„იქ დავტოვე სკოლა, რომელშიც წლები ვისწავლე. დავტოვე მეგობრები და ნათესავები. არასდროს გამიწყვეტია მათთან ურთიერთობა. ტელეფონით ვცდილობთ ხშირად ვისაუბროთ. ვერ ვიტყვი, რომ აქ ჩემი ასაკის ბავშები ცუდად მექცეოდნენ. სკოლაში რამდენიმესთან დავმეგობრდი კიდეც. აუცილებლად წავალ აჭარაში საცხოვრებლად. ოჯახსაც იქ შევქმნი და შვილებსაც იმ მიწაზე გავზრდი“,- გვიყვება ზებური.
ახლა უკვე 21 წლის ბიჭი, მშობლებს საოჯახო საქმეებში ხშირად ეხმარება. ამბობს, რომ როგორც კი შესაძლებლობა ეძლევა, მაშინვე ხულოში, მეგობრების სანახავად მიდის.
უკვე 8 წელია გორელოვკაში კიდევ ერთი ეკომიგრანტი, რეზო ბერიძე ცხოვრობს. შვილთან, რძალთან და სამ შვილიშვილთან ერთად გადასახლებაში ორჯერ მოჰყვა. პირველად ხულოდან ადიგენში, ადიგენიდან კი ნინოწმინდაში. 64 წლის კაცი, რეგიონულ კვირასთან საუბრისას იმ წუთებს იხსენებს, როცა აჭარიდან წამოიყვანეს.
„55 წლის ვიყავი მაშინ, როცა პირველად გადმომიყვანეს დერცელში საცხოვრებლად. ადიგენიდანაც კლიმატური პირობების გამო გადმოგვიყვანეს, მაგრამ სანამ წამოვიდოდით წინასწარ მოვინახულეთ ნინოწმინდა, რომ გვცოდნოდა სად მოვდიოდით. ყველაფერი წამოვიღეთ თუ რამე გვქონდა. საქონელიც წამოვიყვანეთ და გავაგრძელეთ ცხოვრება აქ. მიწა გვაქვს ორი ჰექტარი, ვამუშავებთ და ასე ვირჩენთ თავს. ხშირად ჩავდივარ მშობლიურ მხარეში. მშობლების საფლავზე და ნათესავების სანახავად. მე სიამოვნებით დავბრუნდები, მაგრამ შვილებს და შვილიშვილებს არ უნდათ იქ ცხოვრება. მე კიდევ მათ გარეშე ვერ გავძლებ, ამიტომ ვარ აქ“,- გვიყვება რეზო.
გორელოვკას ეკომიგრანტი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მათ სახნავ-სათესი მიწის გადაცემას დაჰპირდა, თუმცა არიან ოჯახები, რომლებსაც ნაკვეთი ჯერაც არ მიუღიათ. ნაწილი – დაბრუნებაზე, ნაწილი კი უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე ოცნებობს, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ და ეს აჭარაა.
აჭარას სტიქიური უბედურება 1989 წელს დაატყდა თავს. მეწყერმა წალეკა მაღალმთიანი სოფლები, კერძოდ, ხულოს, ქედის, შუახევის მუნიციპალიტეტები. მაღალმთიანი აჭარიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წლების განმავლობაში არაერთი ოჯახი გადაასახლეს.