წულუკიანი ლომჯარიას: ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია
ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში, – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას.
კომიტეტის სხდომაზე მინისტრმა ვიდეოჩანაწერი წარადგინა, სადაც, მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენელია ასახული, რომელიც „ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში“.
„ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში. მე არ ვამბობ, რომ ეს არის მასიური შემთხვევები, მაგრამ ის, რასაც თქვენ ჩემს თანამშრომლებს საყვედურობთ, არც ის არის მასიური, თუმცა მე მაქვს პრეტენზია, ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი, თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი, მასიური არ არის, მაგრამ არის პრობლემა. ასეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც სხვათაშორის დახეული ჯინსი აცვია და როცა თქვენ მსაყვედურობთ, შენ თანამშრომელს ფორმა არ ეცვა გეგუთშიო და ვერ განასხვავებ პატიმრისგანო, ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო, ვინ არის პატიმარი და ვინ არის სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი. ერთადერთი იმით შეიძლება მიხვდე, რომ ჩვენ პატიმრებს ქუდის ტარების უფლებას, მათ შორის, „კაპიუშონის“, არ ვაძლევთ და ბასკური ბერეტით შეიძლება მიხვდე, მაგრამ ბასკური ბერეტი რატომ უნდა ეხუროს სახალხო დამცველის წარმომადგენელს საკანში, არ ვიცი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში,“- განაცხადა წულუკიანმა.