აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია ბჟანიას: “თქვენ იმ ადამიანებთან გსურთ დიალოგი, რომლებიც 1992 წელს აფხაზი ხალხის განადგურებას ცდილობდნენ”?
ოკუპირებული აფხაზეთის, 1992-1993 წლების ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აბააში“, ოპოზიციის იმ ლიდერებს მიმართავს, რომლებიც აფხაზებსა და ქართველებს შორის, პირდაპირი დიალოგის გამართვის ინიციატივით გამოდიან.
„თქვენ იმ ადამიანებთან გსურთ დიალოგის დალაგება, ვინც 1992 წელს აფხაზი ხალხის განადგურებას ცდილობდა და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ერის ამოხოცვა ვერ შეძლო, საუკეთესო ქალიშვილები და ვაჟები წაგვართვა?“
„ან, იქნება იმ საქართველოსთან გსურთ დიალოგი, რომელმაც 2008 წელს იარაღის ძალით ცდილობდა ოსეთის და შემდეგომ, აფხაზეთის საკითხის მოგვარებას? ან სულაც იმ საქართველოსთან ცდილობთ დიალოგის დალაგებას, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ომი წააგო, ცდილობს საკუთარი წესები მოგვახვიოს, მათ შორის ე.წ. ჟენევის დისკუსიებზეც.
იმის მაგივრად, რომ ჩვენდამი მტრულად განწყობილ სახელმწიფოს ესაუბროთ, რომელიც დღემდე არ იშლის გეგმას აფხაზეთის საკითხი სამხედრო გზით მოაგვაროს, ბევრად პროდუქტიული იქნება, რუსეთთან და სხვა მეგობარ ქვეყნებთან დიალოგის გაძლიერება. იქამდე, სანამ საქართველო ტერიტორიულ და სხვა პრეტენზიებზე უარს არ იტყვის, არავითარ დიალოგებზე საუბარი ვერ იქნება.
ასევე, ქართული მედიისთვის ინტერვიუს მიცემის უფლება, ჩვენ, „აბააშას“ ვეტერანებს არავისთვის არ მიგვიცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა, ასლან ბჟანიამ, 16 იანვარს „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შუამავლების გარეშე ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგი უნდა იყოს.
მისი თქმით, „დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში – თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა. ამიტომ ვამბობ, – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა“.
ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.