სპორტსმენობიდან მხატვრობამდე – “ბაბუ” ზუგდიდიდან, რომელმაც ბავშვობის ოცნება აისრულა

ფერებით გადმოცემული შინაგანი მდგომარეობა, განცდებისა და გრძნობების სინთეზი, 27 ადგილობრივი მხატვრის განზოგადებული კომპოზიციები, ნატურმორტები, პეიზაჟები და პორტრეტები – ამ ყველაფერს ზუგდიდში, ერთი პატარა სივრცე აერთიანებს.

გამსახურდიას №24 – ში  “სამხატვრო გალერეა”  უკვე 19 წელია არსებობს. მისი მასპინძელი ედიკა ქადარიაა, რომელსაც ქალაქში  “ბაბუს” სახელით იცნობენ.

“ბაბუს” არ ახსოვს ხატვა როდის დაიწყო, თუმცა ხატვის სურვილი ბავშვობიდან ჰქონდა. ამბობს, რომ მრავალი წელი რუსეთში ცხოვრობდა და სპორტით იყო დაკავებული, თუმცა 2000 წელს მშობლიურ ზუგდიდში დაბრუნდა და გარდატეხა მასში სწორედ ჩაბნელებულმა ზუგდიდმა მოახდინა.

“მაშინ მძიმე დრო იყო, არც შუქი, არც წყალი და არც ელემენტალური საარსებო პირობები. ხელოვნება ჩამკვდარი იყო. მახსოვს, ზუგდიდელი მხატვრების შეკრების და ისეთი ადგილის შექმნის სურვილი გამიჩნდა, სადაც ოსტატების ნამუშევრებს დღის სინათლეზე გამოვიტანდი. შევკრიბე მხატვრები, ფოსტის შენობასთან რაღაც ფართი ვიპოვე და საღამოობით ვიკრიბებოდით, ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე. ურემონტო ოთახის კედლის სიმახინჯეებს ნახატები ფარავდა. მართალია კარატე იყო მთელი ჩემი ცხოვრება, მაგრამ მხატვრობაზე ბავშვობიდან მეფიქრებოდა. შემდეგ ავიღე ფუნჯი და დავიწყე ხატვა. ვერ გეტყვით, ან შეიძლება ითქვას, არც მახსოვს რატომ გადავწყვიტე. სურვილი იყო და მთელი შინაგანი მდგომარეობა მზად იყო ფურცელზე გადმომეტანა ის, რასაც ვფიქრობდი და განვიცდიდი. ძირითადად აბსტრაქციულ ნამუშევრებს ვაკეთებ, თუმცა ჩემს თავს მხატვარს არ ვუწოდებ. ბოლო დროს ხიდან ვძერწავ ქანდაკებებს, რომელიც ყველას მოსწონს და უცებ მიაქვთ. ჩემს თავზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, რასაც ვფიქრობ, რისი თქმაც მინდა, ან ხატვით გადმოვცემ ემოციებს, ან ნაკეთობებით,”- უყვება “რეგიონულ კვირას” ედიკა ქადარია.

 

 

სოფიო კაკაჩია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები