ეგვიპტეში Anadolu-ს ოფისში პოლიცია შევიდა – დაკავებულია 4 ადამიანი, მათი ადგილსამყოფელი უცნობია

კაიროში პოლიციამ, თურქული საინფორმაციო სააგენტოს, Anadolu-ს ოფისში ჩხრეკა ჩაატარა, რომლის შედეგად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, სააგენტოს 4 თანამშრომელი დააკავეს, მათ შორის თურქეთის მოქალაქეც არის.

დაკავებულები დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ოფისში შესვლის შემდეგ, სათვალთვალო კამერები და ინტერნეტი გათიშა.

ჩხრეკა 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

სააგენტოს თანამშრომლებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები წაართვეს, ასევე ოჯახის წევრებთან დაკავშირების უფლება არ მისცეს.

პოლიციამ ადგილზე მისულ ადვოკატს, ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა, შენობიდან გააძევა და ჩხრეკა გააგრძელა.

დაკავებულთა შორის არის მენეჯერი ხილმი ბალჯი, ეგვიპტეს მოქალაქეები ჰუსეინ ალ-კაბანი, ჰუსეინ ალ-აბასი და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კვლევების ფონდის თანამშრომელი, აბდელსალამ მუჰამედი.

ადვოკატები დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ.

„ანადოლუ“-ს გენერალურმა დირექტორმა, შენოლ კაზანჯიმ, თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

მომხდართან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გმობს დაკავებებს.

„ძალადობის აღნიშნულმა აქციამ, კიდევ ერთხელ აჩვენა, ეგვიპტეს ხელისუფლების პოზიცია დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების მიმართ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ თურქეთის საგარეოპოლიტიკურ უწყებაში, ეგვიპტეს დროებითი რწმუნებული დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები