ხობში მიმდინარე პროექტებს სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – ალექსანდრე მოწერელია ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ხობსა და ფოთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
სახელმწიფო რწმუნებული ხობის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ხობში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკითა და საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ცენტრის მშენებლობაზე 700 ათას ლარამდე დაიხარჯება.
სახელმწიფო რწმუნებული ასევე ქალაქ ხობში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 270 ათას ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. სასწრაფო დახმარების ცენტრები 2019 წელს აბაშასა და მარტვილში გაიხსნა. ახალი ცენტრების მშენებლობა დასრულებულია სენაკსა და დიდიჭყონში. სასწრაფოს ცენტრები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შენდება.
ალექსანდრე მოწერელიამ დღესვე ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობზე 250 მეტრიანი საცალფეხო ხიდის მშენებლობა დაათვალიერა. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხით ხორციელდება და მისი ღირებულება 337 000 ლარია. ხიდის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.