გია ვოლსკი: „20 ივნისის მოვლენებზე, სააკაშვილის განცხადება, სამართლებრივად შეიძლება უფრო გამოსაყენებელი იყოს გამოძიებისთვის“

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან სხვადასხვა დროს არაერთი განცხადება გაკეთებულა არჩევნების ჩაშლასთან თუ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, ეს ბოლო განცხადება ფაქტობრივად სამართლებრივად შეიძლება უფრო გამოსაყენებელი იყოს გამოძიებისათვის.

„საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოს „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში და შემდეგ „ფორბსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არავითარი არჩევნები, ინტერნეტ ქსელი უნდა ავამუშავოთ, რათა არ დავუშვათ არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი გამარჯვება. მაგრამ ახლა ეს განცხადება უკვე კონკრეტულ ფაქტებთან არის დაკავშირებული და ამიტომ მიიქცია უფრო ყურადღება. ამაზე მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული არჩევნების ჩაშლასთან, რევოლუციასთან, საერთოდ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით. ეს განცხადება პირდაპირ უკავშირდება 20 ივნისის მოვლენებს, ფაქტობრივად სამართლებრივად შეიძლება უფრო გამოსაყენებელი იყოს გამოძიებისათვის ვიდრე ის ზოგადი განცხადებები, რომელსაც არა მარტო სააკაშვილი, არამედ ნებისმიერი ამ პარტიის წევრი და მისი სატელიტი მიმართავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი შინაარსის განცხადებები რეაგირების გარეშე არ დარჩება. „დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი უკმაყოფილოა ხელისუფლებიდან წასვლით და განცხადებებს აკეთებს, რომ – მიტინგის დროს ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ხელისუფლების გადაგდებასთან!, წარმოიდგინეთ რა ამბავი ატყდება, რა შეფასებები და რა დასკვნები იქნება გაკეთებული“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები