ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მადლობა უნდა გადავუხადოთ სააკაშვილს, რადგან მან სამართალდამცავ ორგანოებს ჩვეულებრივი აღიარებითი ჩვენება მისცა
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადოთ მიხეილ სააკაშვილს, რადგან მან საზოგადოებას და სამართალდამცავ ორგანოებს მისცა ჩვეულებრივი აღიარებითი ჩვენება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებიდან გაირკვა, რომ როდესაც ნიკანორ მელია აძლევდა ნიშანს საკუთარ აქტივისტებს პარლამენტში შეჭრასთან დაკავშირებით, ეს დავალება სწორედ სააკაშვილისგან მიიღო.
“20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადოთ მიხეილ სააკაშვილს, რადგან მან საზოგადოებას და სამართალდამცავ ორგანოებს მისცა ჩვეულებრივი აღიარებითი ჩვენება. გაირკვა, რომ როდესაც ნიკანორ მელია აძლევდა ნიშანს საკუთარ აქტივისტებს პარლამენტში შეჭრასთან დაკავშირებით, ეს დავალება სწორედ სააკაშვილისგან მიიღო. აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ ჩვენ სააკაშვილის მხრიდან, ამისთვის მას დიდი მადლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, 20 ივნისის მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შს სამინისტრო შეისწავლის. სააკაშვილმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც, და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებულ იქნა“.