ლოკოკინის მესხური რეცეპტი და ტრადიციად შემონახული ძველი ქართული კერძი
ლოკოკინა მესხეთის საკმაოდ ძვირადღირებული დელიკატესია. მოლუსკის ის სახეობა, რომელიც საკვებად ვარგისია, ადგილობრივები კლდოვან ფერდობებზე, მცენარეების ძირას მოიპოვებენ. ერთი კილო ლოკოკინის ღირებულება 25-დან 40 ლარის ფარგლებში მერყეობს.
გიორგი მაღრაძე პროფესიით არქეოლოგია. ნაქალაქევის მკვიდრი დიდი ხანია ლოკოკინების შეგროვებითაა დაკავებული. ამბობს, რომ ბავშობაში თანატოლები შეიკრიბებოდნენ, გაამზადებდნენ სპეციალურ რკინის ხელსაწყოებს და ლოკოკინის შესაგროვებლად ერთად მიდიოდნენ.
„თვითონ შეგროვების პროცესი ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ამავდროულად რთული. საათები გჭირდება ასობით ლოკოკინის მოსაძებნად. ზოგი ვერც ჭამს. მესხეთში მას შემდეგ რაც გემოს გაუგებს ბავშვი, თავისი ფეხით მიდის იმ ადგილებში, სადაც ლოკოკინის მოპოვება შეიძლება“, – ყვება გიორგი „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას.
ადგილობრივი ახალგაზრდა გვიყვება, რომ მოლუსკის სეზონი ნოემბრიდან-აპრილამდე გრძელდება. მაღრაძეების ოჯახში მესხური ტრადიციული კერძი ხშირად მზადდება. მოგროვებულ ლოკოკინას გამდინარე წყალში რეცხავენ, გასუფთავებულ მოლუსკებს, ნიჟარებიანად ხარშავენ. 5-7-წუთიანი დუღილის შემდეგ, მისი დაგემოვნებაც შესაძლებელია. მოლუსკი ნიჟარიდან წვრილი ჯოხით ან ნემსით ამოჰყავთ.
“ლოკოკინა სხვა რეგიონებშიც მოიპოვება, თუმცა აქაურს სხვა გემო აქვს. ეს იმ მცენარეების ნაირსახეობაზეა დამოკიდებული, რომლითაც ლოკოკინა იკვებება. აქაც გვაქვს ისეთი ჯიშები, რომლებიც საჭმელად არ გამოდგება, მათ უფრო მომწარო გემო აქვთ“,- ამბობს გიორგი.
ადგილობრივების მტკიცები, ნიჟარაში მცხოვრები მოლუსკების მირთმევა სასარგებლოა. მასში ბევრი ვიტამინი, მიკროელემენტი და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია. ლოკოკინის ლორწო კოსმეტოლოგიაშიც ფართოდ გამოიყენება. არც მესხი ქალები ამბობენ მასზე უარს და ალბათ, ამიტომაც გამოირჩევიან სილამაზით.