გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გურიაში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, მოქალაქეს ლენტური ტიპის უკანონო სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო წიწვოვანი სახეობის 43 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 3 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. მიმდინარე წელს დეპარტამენტის თანამშრომლებმა 56 სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო უკანონო ტყითსარგებლობის და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.