გივი მიქანაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენს თავზე და შევიმუშაოთ სახელმძღვანელო, რომელიც სტანდარტულად ერთი და იგივე იქნება ერთსა და იმავე საფეხურზე ნებისმიერ სკოლაში, მათ შორის, კერძო სკოლებში
მივიღეთ გადაწყვეტილება, სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენს თავზე და შევიმუშაოთ სახელმძღვანელო, რომელიც სტანდარტულად ერთი და იგივე იქნება ერთსა და იმავე საფეხურზე ნებისმიერ სკოლაში, მათ შორის, კერძო სკოლებში, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კერძო სკოლებს აქვთ თავისი დამატებითი რესურსების დანერგვის შესაძლებლობა.
„20 წელია, სახელმძღვანელოების შემუშავება არის თავისუფალი ბაზრის რეჟიმში გადასული, სადაც ავტორთა ჯგუფებს აქვთ მიცემული უფლება, რომ ერთსა და იმავე დისციპლინაში რამდენიმე სახელმძღვანელო შეიმუშაონ. შემდგომში ეს გადის გრიფირების პროცესს და იმ შემთხვევაში, თუკი ამ პროცესს გაივლის წარმატებით, იღებს უფლებას, რომ დაინერგოს სასკოლო ცხოვრებაში, მაგრამ რას ვხედავთ: ერთი და იგივე საგანი, მაგალითად, ქართული ენა და ლიტერატურა, ერთ საჯარო სკოლაში ისწავლება ერთი სახელმძღვანელოთი და მეორეგან – მეორეთი. ეს, პირველ რიგში, იწვევს განათლების ხარისხის დაზიანებას, რადგან არის სხვადასხვა მეთოდოლოგია, ამასთან, გაზომვადობა ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან სხვადასხვა ფორმითაა ეს ყველაფერი მოტანილი. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა სტანდარტული და ერთიანია დამტკიცებული, იქ დავალებითი ნაწილი, მეთოდოლოგიური ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიდის იქამდე, რომ რიგ შემთხვევებში ცოდნის მიცემა არ არის სიღრმისეული, რიგ შემთხვევებში, არის ფრაგმენტული, რიგ შემთხვევებში – არის ცდომილება იმ შემდგომი ეტაპის პროგრამებთან, იქნება ეს პროფესიული ორიენტაცია თუ უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც კარიერული წინსვლისთვის და შემდგომი ცოდნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ რომ დავინახეთ, რომ ამან შედეგი ვერ მოგვცა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენს თავზე და შევიმუშაოთ სახელმძღვანელო, რომელიც სტანდარტულად ერთი და იგივე იქნება ერთსა და იმავე საფეხურზე ნებისმიერ სკოლაში, მათ შორის, კერძო სკოლებში. ანუ ეს სახელმძღვანელო იქნება სავალდებულო როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, თავისი მიმართულებებიდან გამომდინარე, კერძო სკოლებს აქვთ თავისი დამატებითი რესურსების დანერგვის შესაძლებლობა – აქ ისინი თავისუფალნი არიან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.