“ჭანტილობა“- უძველესი ტრადიცია ლეჩხუმში, რომელიც შობის წინა დღეს აღინიშნება

ჭანტილობა“ უძველესი წარმართული ტრადიცია, რომელიც ქრისტიანული ელემენტებითაა დატვირთული და ლეჩხუმში უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელი ეპოქიდან მოდის და დღემდეა შემორჩენილი. დღესასწაული შობის წინ დღეს აღინიშნება და ლეჩხუმელები  სამზადისს ორი დღით ადრე იწყებენ.

“რეგიონული კვირა“ ცაგერის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელს დავით კოპალიანს მუზეუმში ეწვია და ის ისტორია მოისმინა,რომელიც საუკუნეების მანძილზე “ჭანტილობამ“ შემოინახა. მუზეუმში დღემდე ინახება ხელსაწყოები, რომელიც “ჭანტილისმომზადებისთვისაა საჭირო.

როგორც მეცნიერ-თანამშრომელი გვიყვება, ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და რაჭაში შემორჩენილი “ჭანტილობის“ დღესასწაული წარმართულია და იგი შობის მარხვის დასასრულის წინა დღით, 6 იანვარს აღინიშნება.

“ეს დღე პურის, ნიგვზისა და ღვინის ლოცვაა თავისი შინაარსით, რადგან ადამიანმა უხსოვარი დროიდან მიიჩნია ეს პროდუქტები უმნიშვნელოვანეს სასურსათო აუცილებლობად,ტრადიცია სათავეს ქრისტიანობამდე იღებს და დღემდეა შემორჩენილი რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. “ჭანტილობისთვის“ მზადებას ლეჩხუმელი დიასახლისები ორი დღით ადრე იწყებენ. თავდაპირველად ოჯახის მამაკაცები პურის კაკლის მოსაცეხვ ხელსაწყოს-საცეხვს აწესრიგებენ, რეცხავენ, ასუფთავებენ, საცეხვში წანდილს გარე კანი-კილო უნდა გაშორდეს, რომ ჭანტილად და მოსახარშად  ივარგოს. საცეხვი მოზრდილი ქვის ხელსაწყოა,გათლილი და შუაში ჩაღრმავებული,რომელიც მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს ჰქონდათ და მთელი მეზობლები თავს მოსაცეხვად იქ  იყრიდნენ ხოლმე.ლეჩხუმელები საჭანტილედ ადრე, პურის თავთავების- მახასა და ზანდურის ენდემურ ჯიშებს იყენებდნენ ხოლმე. როცა კაკალს გარე კანი მოცილდებოდა, სახლში წაიღებდნენ და დილამდე მას ხელს არავინ ახლებდა, „ჭანტილობა“ დილით, ოჯახის დიასახლისი ფეხზე ჩიტის ბუდიდან გადმოფრენამდე, ანუ ძალიან ადრე , უბრად უნდა წამომდგარიყო და გობზე დაყრილი ჭანტილი შუა ცეცხლთან ან ბუხართან უნდა გაეწმინდა, ისე, რომ შემოცლილი ფერფლი ცეცხლში უნდა დამწვარიყო და ამით ეშმაკებს აფრთხობდა, მერე გაწმენდილ ჭანტილს თუჯილაში წყლით დაფარავდა და ცეცხლზე შემოდგამდა , მასა მთელი დღე იხარშებოდა, ჭანტილთან ერთად რამდენიმე მარცვალი ლობიოს, ქიშმიშის,ნიგვზის ლებანიც უნდა ჩახარშულიყო, რომ   იმ წელიწადს მოსავლის ნაკლებობა არ ყოფილიყო.საღამოს პირზე დიასახლისი ჭანტილს შეკმაზავდა ნიგვზითა და მარილით, დააცხობდა სამ ცალ ნიგვზიან კვერს, რომელსაც აუცილებლად სანთელთან ერთად დებდა სუფრაზე,ოჯახის მამაკაცი თუჯილაში ნარჩენ ჭანტილის ანაფხეკებს ეზოში გაიტანდა და ხეებზე უსმევდა-„ერთი ათასად“ გაზრდილი მოსავლის მისაღებად,“-გვიყვება დავით კოპალიანი.

ჭანტილით, ღვინით, ნიგვზიანი პურებითა და სანთლებით გაწყობილ მაგიდას ოჯახის წევრები მანამ არ მიუსხდებოდნენ, ვიდრე ოჯახის უფროსი ლოცვას არ იტყოდა, შემდეგ კი ზომიერად მიირთმევდნენ და ასე  აღნიშნავდნენ ამ უცნაურ დღესასწაულს.

ლეჩხუმში შემორჩენილი “ჭანტილობის“ სანახავად “რეგიონული კვირა“  ცაგერში, ალუდა კვირიკაშვილის ოჯახს ეწვია, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს წინაპრებისგან შემორჩენილი ამ ტრადიციის  ყველა დეტალს.

ოჯახის დიასახლისმა ლალი გიორბელიძემ, რომელიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია, გვითხრა, რომ მისთვის სულაც არ იყო უცხო “ჭანტილობის“ რიტუალები, რადგან სოხუმში გადასახლებული ლეჩხუმელები ყოველთვის აღნიშნავდნენ ამ დღეს.

კვირიკაშვილების ოჯახში საჭანტილო რიტუალმა ზუსტად იგივე დატვირთვით ჩაიარა, რასაც  დავით კოპალიანი გვიყვებოდა.

ჭანტილი, არომატული შავი ღვინო, ნიგვზიანი კვერები, სანთელი, ხეებზე წასმა, ეშმაკების დაფრთხობა და ოჯახის უფროსის ლოცვა – ეს ყველაფერი კვირიკაშვილების ოჯახმა წესების სრული დაცვით შეასრულა და ტრადიციული “ჭანტილობაც” შედგა.

მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები