ნატოში რუსეთის ასოცირებულ წევრად მიღების გასაიდუმლოებული დოკუმენტი გასაჯაროვდა
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო 1995 წელს გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთი ნატოს ასოცირებული წევრი უნდა გახდეს, რომ ალიანსის გეგმების მიმართ მოსკოვის შეწინააღმდეგება შემცირებულიყო.
ამის შესახებ იმ საარქივო გასაიდუმლოებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც The Guardian-მა გაავრცელა.
გამოცემა 10-გვერდიან წინადადებას ციტირებს, რომელიც ქვეყნის მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მალკოლმ რიფკინდს ეკუთვნის, რომელიც მან საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებულ სამთავრობო სხდომაზე წარადგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „შესაძლებელია ნატოს ასოცირებული წევრის ახალი კატეგორიის შექმნა“, რომელიც ნატოს წესდების შესაბამისად, რუსეთს კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემდა. ასევე მოსკოვს არც ალიანსის საერთაშორისო სამხედრო შტაბის სხდომებში მიეცემოდა მონაწილეობის უფლება და არც ნატოს გაფართოებისთვის ვეტოს დადება.
თუმცა, რუსეთს აღნიშნული წევრობა ნატოს ფორმალურ სტატუსს მიანიჭებდა. მას ექნებოდა შესაძლებლობა მინისტერიალებში და სხვა სხდომებში მონაწილეობის უფლება და ხელს შეუწყობდა რუსეთის პოლიტიკის, დოქტრინებისა და პრაქტიკის ალიანსთან მიახლოების შესაძლებლობას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ალიანსის საქმეებში მოსკოვის ასეთი ჩართულობა, შექმნიდა იმის წინაპირობას, რომ ნატოს გაფართოება ღვარძლისა და სიძულვილის გარეშე მოხდებოდა“.
რუსეთის ასოცირებული წევრობა ნატოს დაეხმარებოდა ისეთ ქვეყნებთან სტრატეგიული ურთიერთობის ჩამოყალიბება, როგორებიც არის უკრაინა, ბალტიის ქვეყნები, ბელარუსი და მოლდოვა.
The Guardian-მა რიფკინდის მიერ მიმდინარე კვირას გაკეთებული განცხადება მოიყვანა, რომელშიც ის ამბობს, რომ მისი ინიციატივა არ განხორციელდა, თუმცა რუსეთ-ნატოს საბჭოს შექმნას შეუწყო ხელი.