ბითაძე – საკონსტიტუციო სარჩელზე: ერთ-ერთი მთავარი მდგენელია ხელისუფლებისა და არჩევნების ლეგიტიმაციის კომპონენტი – პარლამენტში შემოსვლით, გახარიას პარტიამ ეს კომპონენტი პრაქტიკულად გააბათილა
“საკონსტიტუციო სარჩელის რამდენიმე მდგენელი არსებობდა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან მკაფიოდ ისაუბრა ბრიფინგზე”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.
“ანუ, ის სამართლებრივი საფუძვლები, რისგანაც შედგება საკონსტიტუციო სარჩელი, მისი ერთ-ერთი მთავარი მდგენელი არის ხელისუფლებისა და არჩევნების ლეგიტიმაციის კომპონენტი, რა კომპონენტიც პრაქტიკულად გახარიას პარტიამ პარლამენტში შემოსვლით გააბათილა. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. პოლიტიკური პროცესების იმგვარ რეჟიმში წარმართვას, რა პროცესსაც მიუყვება ყველა ის პარტია, რომელთა აკრძალვის თაობაზე პირდაპირ განაცხადი შევიდა “ქართული ოცნების” მხრიდან, ამ კონტექსტში გახარიას პარტიის გაიგივება არ იქნებოდა სამართლებრივად გამყარებული. იმიტომ, რომ როდესაც საკონსტიტუციო სარჩელი შეგაქვს, ბუნებრივია, უნდა იყო მყარად, როგორც სამართლებრივად, ასევე, მორალურად. შესაბამისად, სამართლებრივი მდგენელი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო, რაც შალვა პაპუაშვილმა მკაფიოდ განმარტა. ეს იყო მთავარი განმაპირობებელი, რის გამოც შეირჩა სწორედ ის სამი პარტია, რომლის თაობაზეც მოთხოვნა იქნა წარდგენილი. თუმცა ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ის მცირე-მცირე განშტოებები, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” განშტოებებს ვეძახით, თავისი ზომიდან და გავლენებიდან გამომდინარე, გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე ვერ მოახდენენ, თუმცა თუ მომავალში შეეცდებიან, რომ აფილირდნენ იმ მავნე ძალასთან, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” იდეა ჰქვია, ბუნებრივია, მათზე მემკვიდრე პარტიის კონცეფციის გავრცელება შესაძლებელი იქნება და ახალი პროცედურის წამოწყება”, – განმარტა ბითაძემ.