ვოლსკი – დევიდ ო’სალივანის განცხადებაზე: არაერთი შეფასება, რეიტინგი მეტყველებს, რომ საქართველო მართლაც დგას მოწინავეთა რიგებში და ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას უსწრებს ძალიან ბევრი მონაცემით
„ეს არ არის პირველი განცხადება ამ თემაზე. ჩვენ გვახსოვს სპეციალური კომისიის საქმიანობის, საკითხების შესწავლის შემდეგ საკმაოდ კომპეტენტურმა ადამიანებმა საქართველოში გააკეთეს ასეთი განცხადებები, რომ საქართველო არ არის რაღაც ნაცრისფერი თუ შავი ხვრელი, როგორც მას ზოგიერთი ბედოვლათი ვითომ პოლიტიკოსი უწოდებდა, საიდანაც ხდება აკრძალული პროდუქციის მიწოდება რუსეთისთვის და სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა საქართველოში არ ყოფილა არასდროს დაშვებული”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.
აღნიშნულით ის სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის განცხადებას აფასებს.
„საკმაოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველომ, ახლაც იგივე შეფასება მეორდება. ეს არ არის მხოლოდ ერთი შეფასება, არაერთი შეფასება, რეიტინგი მეტყველებს, რომ საქართველო მართლაც დგას მოწინავეთა რიგებში და ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას უსწრებს ძალიან ბევრი მონაცემით. გავიხსენოთ ისიც, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას აბრალებდნენ სწორედ მაგ ბრალდებით, თითქოსდა სანქცირებული პროდუქციის გავლა ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს მან საგარეო კურსი შეიცვალა, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ყველა ეს მონაცემი ერთად ავიღოთ გავაერთიანოთ და მივხვდებით რამხელა ბოროტებასთან გვაქვს საქმე, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“ და მის მხარდამჭერებზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან, დევიდ ო’სალივანისგან მიიღო წერილი, სადაც აღნიშნულია: „მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.