სულხან თამაზაშვილი: ათასობით ოჯახი ციტრუსის მოსავლით იღებს შემოსავალს და ჩვენთვის თითოეული ფერმერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

,,ათასობით ოჯახი სწორედ ციტრუსის მოსავლით იღებს შემოსავალს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული ფერმერის მხარდაჭერა” – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ციტრუსი უკვე ათწლეულებია წარმოადგენს რეგიონის სავიზიტო ბარათს და ეკონომიკის მნიშვნელოვან საყრდენს.

,,აჭარის ციტრუსი უკვე მრავალი ათწლეულის განმავლობაში წარმოადგენს ჩვენი რეგიონის სავიზიტო ბარათს და ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს. ადგილობრივი ფერმერების თავდაუზოგავი შრომითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით, ყოველწლიურად იზრდება როგორც მოსავლის რაოდენობა, ასევე ხარისხი. მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემებით, 60 ათას ტონაზე მეტი ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი, რაც წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია. ათასობით ოჯახი სწორედ ციტრუსის მოსავლით იღებს შემოსავალს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული ფერმერის მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, შტაბის საქმიანობა მომდევნო სამი თვის განმავლობაში წარმატებული და შედეგიანი იქნება” – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

შტაბის მიზანია ციტრუსის ლოგისტიკის, რეალიზაციისა და სუბსიდირების პროცესების კოორდინაცია. შტაბი მუშაობას პირველ თებერვლამდე გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები