ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი, ზამურ ჭითანავა, უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი, ზამურ ჭითანავა, უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, რწმუნებულის მოადგილესთან, სოსო ალიბეგაშვილთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს ზამურ ჭითანავა წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა პოლიტიკურ გუნდსა და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან პროგრამასა და პროექტს განახორციელებს.
,,უპირველესად, მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ჩემთვის, როგორც რიგითი ბოლნისელისთვის, ორმაგად საპასუხისმგებლოა, ღირსეულად ვემსახურო ჩვენს მუნიციპალიტეტს, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებ.
ჩემს გუნდთან ერთად შევიმუშავე გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ბოლნისის მუნიციპალიტეტში დემოკრატიის, ეკონომიკის გაძლიერებასა და სოციალურ თანასწორობას. ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, თანაბრად ისარგებლონ მრავალფეროვანი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით, მიიღონ ხარისხიანი განათლება და იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში.
მჯერა, რომ ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისა და კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ.