“საქართველო მტკიცედ იცავს სასანქციო პოლიტიკას; ყველამ თავი უნდა დაანებოს საქართველოს სახელის შებღალვის მცდელობას” – მახაშვილი
“მისასალმებელია, რომ (არც ისე ხშირად, მაგრამ) ისმის ხოლმე ბრიუსელიდან საღი აზრი”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის საქართველოს მთავრობისადმი დევიდ ო’სალივანის წერილს გამოეხმაურა.
„ეს უნდა იყოს პასუხი ყველასთვის, ვინც დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ცდილობს საქართველოს დისკრედიტაციას და დადანაშაულებას იმაში, რაც ფიზიკურად დედამიწის ზურგზე არ არსებობს. საქართველო მტკიცედ იცავს სასანქციო პოლიტიკას. ყველამ თავი უნდა დაანებოს საქართველოს სახელის შებღალვის მცდელობას“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ევროკავშირის სანქციების შესახებ ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატის წერილში, რომელსაც ხელს აწერს დევიდ ო’სალივანი, წერია:
„მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.