ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც სახლის საქმეებში დაგეხმარებათ, 2026 წლიდან გაიყიდება

ამერიკულ-ნორვეგიული რობოტიკის კომპანია 1X Technologies წარადგენს ჰუმანოიდ რობოტ Neo-ს, რომელიც 20 000 დოლარი ღირს და ზოგადი დანიშნულებით, სახლებში შინაური საქმეებისთვის არის განკუთვნილი.

კომპანიის თქმით, Neo-ს მთავარი მიზანია საოჯახო დავალებების ავტომატიზაცია და მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებული პირადი დახმარების შეთავაზება. რობოტი შეძლებს მარტივი საყოფაცხოვრებო ამოცანების შესრულებას, როგორიცაა ნივთების მიტანა, დალაგება, გეგმების მართვა და სხვა ყოველდღიური დავალებები.

შემქმნელები აღნიშნავენ, რომ Neo-თი ცდილობენ რობოტიკის ინდუსტრიაში ახალი სტანდარტის შექმნას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული, ისე საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის.

მომხმარებლებს NEO-ს მართვა და სახლში დავალებების შესრულების მითითება ღილაკზე ხელის დაჭერით ან ვერბალური ბრძანებით შეეძლებათ.

1X-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნტ ბორნიხმა განმარტა, რომ მანქანაზე მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ნეირონულ ქსელს ჯერ კიდევ სჭირდება რეალური გამოცდილებიდან სწავლა. ბორნიხმა განაცხადა, რომ ყველას, ვინც მომავალ წელს NEO-ს შეიძენს, მოუწევს დაეთანხმოს, რომ ადამიანი ოპერატორი მათ სახლებში რობოტს კამერით დაინახავს.

მისი განმარტებით, აუცილებელია სწავლება და მონაცემების შეგროვება, რათა საბოლოოდ შეძლონ დავალებების ავტონომიურად შესრულება. „თუ თქვენი მონაცემები არ გვექნება, პროდუქტს ვერ გავაუმჯობესებთ“, – თქვა მან.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველი რობოტები მომხმარებლებისთვის დაგეგმილია 2026 წელს. ასევე, ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დამატებითი ფუნქციების განვითარება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები