ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობების გაძლიერების პირობას დებენ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობების გაძლიერების პირობას დებენ,- სააგენტო “რესის” ინფორმაციით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის დეფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.
პუტინი ბიბილოვს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.
“ვიმედოვნებ, რომ შემდეგ წელს განვაგრძობთ ერთობლივ მუშაობას ორმხრივი ურთიერთობების გასაზრდელად სხვადასხვა მიმართულებით. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მოკავშირეობისა და ინტეგრაციის პრინციპების საფუძველზე ვითარდება”- ნათქვამია წერილში.
მსგავსი წერილი ბიბილოვის სახელზე რუსეთის პრემიერმა მედვედევმაც გააგზავნა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ წელს რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება გახდა შესაძლებელი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დარგებში. მედვედევი იმედოვნებს, რომ “რესპუბლიკისთვის მასშტაბური დახმარება და მისი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გაგრძელდება“.