საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დამაკავშირებელ ერთადერთ გამშვებ პუნქტსაც კეტავს
საოკუპაციო რეჟიმი იმ ერთადერთ გამშვებ პუნქტსაც კეტავს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოსახლეობას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან აკავშირებს.
საახალწლო დღეებში, ქარძმანი-პერევის გადასასვლელი აღარ იმუშავებს. უკანონო გადაწყვეტილების მიზეზად, საოკუპაციო რეჟიმი უსაფრთხოებას ასახელებს.
უკვე მეოთხე თვეა ახალგორი ჩაკეტილია და მძიმე პირობებში დარჩენილი მოსახლეობისთვის ქარძმანი-პერევის გადასასვლელი ერთადერთი ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი იყო, რომლითაც ადგილობრივები სარგებლობდნენ.
“სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” (GSAC) დამფუძნებლის, ზურაბ აგლაძის განცხადებით აღნიშნული ფაქტი იქ მყოფი მოსახლეობისთვის პრობლემატურია.
“ეს დღესასწაულებზე ტრადიციულად ხდება ხოლმე. უსაფრთხოების მხრივ სახელმწიფოს არაფერი გვემუქრება, მაგრამ სამწუხაროდ პრობლემატურია იქ მყოფი მოსახლეობისთვის. ეს არამარტო მათ უსაფრთხეობას ემუქრება, ერთგვარ ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს, რადგან ვერ ხერხდება ამ ადამიანების გადმოსვლა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ქართულენოვან მოსახლეობაზე. ეთნიკურად ოსებიც ვერ ახერხებენ თბილისში ჩამოსვლას და რამდენიმე ფაქტი ფატალურად დასრულდა იმის გამო, რომ ისინი ოკუპირებულმა რეჟიმმა არ გამოატარა, ამ მხრივ საშიშროებები არსებობს,”- განაცხადა ზურაბ აგლაძემ.