უწყებათაშორისმა კომისიამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის პირველი წელი დადებითად შეაფასა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის თავმჯდომარეობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მესამე სხდომა გაიმართა.
სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა. მან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის მიღების მნიშვნელობა აღნიშნა, მიმოიხილა შესაბამისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი წელი და მადლობა გადაუხადა უწყებებს გაწეული სამუშაოსათვის.
უწყების ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილმა საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი ამ მიმართულებით კომისიის წევრი უწყებების მხრიდან მუდმივი კოორდინაციისა და ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა. ასევე, ყურადღება საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა, მათ შორის აღინიშნა აშშ-ის განსაკუთრებული წვლილი.
სხდომის ფარგლებში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის 2019 წლის შესრულების თაობაზე ანგარიში-პრეზენტაცია გაიმართა. კომისიის წევრები იმპლემენტაციის პროცესის, მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის პირველი წელი კომისიის წევრების მიერ დადებითად შეფასდა.
უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები