„ვაჟა იქ იცავს არა მარტო თავის თავისუფლებას და ღირსებას“ – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე
ვაჟა იქ იცავს არა მარტო თავის თავისუფლებას და ღირსებას და ამ ღირსების დაცვა საჭიროა ჩვენი მხარდაჭერით და სახელმწიფოს მხარდაჭერითაც, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა.
„სასამართლოს შემდეგ შეგვხვდა პრემიერმინისტრი. ის ყველაფრის საქმის კურსში იყო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არსებობს შესაძლებლობები, რომლებიც უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ და პირადად პრემიერმინისტრმაც, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.
მე ისევ გავიმეორებ, ვაჟა იცავს იქ არა მარტო თავის თავისუფლებას და ღირსებას და ამ ღირსების დაცვა საჭიროა ჩვენი მხარდაჭერით და სახელმწიფოს მხარდაჭერითაც, რადგან სახელმწიფომ არ უნდა დატოვოს თავისი მოქალაქე, ღირსეული ადამიანი ტყვეობაში და მისი უპირველესი მოვალეობაა საკუთარი მოქალაქის თავისუფლების დაცვა. მე დარწმუნებული ვარ და მასაც ვუთხარი, რომ სახელმწიფოს აქვს ბერკეტები და დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და უახლოეს მომავალში გათავისუფლდება უკანონო პატიმრობისგან“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
შეგახსენებთ, 20 დეკემბერს, დე ფაქტო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს.
თამუნა შეყილაძე