ბიბილოვმა ახალგორის მოსახლეობას ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მიზეზი განუმარტა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, „რესპუბლიკის ხელისუფლებას საზღვრის ჩაკეტვის განზრახვა იქამდე არ ჰქონია, ვიდრე “საქართველო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ შეიჭრა“ და სოფელ წნელისთან „უკანონო პოსტი არ განათავსა“.
ამის შესახებ ბიბილოვმა ახალგორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„უნდა გვესმოდეს, რომ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, რომელსაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჰქვია. როდესაც ერთ რაიონში გვაქვს პრობლემები, ეს რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს ეხება. მე, როგორც პრეზიდენტი, არ შემიძლია ქვეყნის მოქალაქეების დაყოფა. შეუძლებელია იყოს ისე, რომ ლენინგორის მოსახლეობის ფასეულობები მხოლოდ პირად კომფორტზე იყოს აგებული, მაშინ როდესაც წნელისის მოსახლეობა ავტომატის ლულის ქვეშ ცხოვრობს. ერთი ერი ვართ და მტერს ერთობლივად უნდა ვებრძოლოთ“, – განაცხადა ბიბილოვმა.
მისივე თქმით, გზის დაკეტვის მიზეზი ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას არ უკავშირდება, არამედ საქართველოს მთავრობის ქმედებებს.
„მე, როგორც პრეზიდენტს მომმართავთ, მაგრამ პრობლემა არც ჩემმიერ და არც სამხრეთ ოსეთში უნდა გვარდებოდეს. შეგიძლიათ საქართველოს ხელისუფლებას მიმართოთ და გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით პრეტენზიები უთხრათ, მათი მხრიდან გაუაზრებელი პროვოკაციული ქმედებების გამო, იმის გამო, რომ მათ უკანონო პოსტი განათავსეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. სთხოვეთ მათ, ჩვენთან მიმართებით შეცვალონ პოლიტიკა“, – თქვა დე ფაქტო პრეზიდენტმა.