2008 წლის ომის დროს სააკაშვილის კონსულტანტი შესაძლოა, უკრაინაში აშშ-ის ელჩი გახდეს

ვაშინგტონი უკრაინაში ქვეყნის ელჩის თანამდებობაზე ორ კანდიდატურას განიხილავს. მათგან ერთ-ერთია მაკედონიაში ყოფილი ელჩი ფილიპ რიკერი, რომელიც კოსოვოსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა და მეორე, უკრაინაში თავდაცვის საკითხებში აშშ-ის უფროსის მრჩეველი კიტ დეიტონი, რომელიც 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის კონსულტანტი იყო, – წერს უკრაინული გამოცემა.

16 დეკემბერს გაზეთმა Politico-მ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია,რომ თეთრი სახლი აშშ-უკრაინის ურთიერთობის სტაბილიზაციისთვის ნაბიჯებს გადადგამს.

ფილიპ რიკერი იელის უნივერსიტეტისა და ტანდერბერდის სკოლის გლობალური მენეჯმენტის კურსდამთავრებულია, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს და ამ ხნის მანძილზე მუშაობდა როგორც უწყების ცენტრალურ აპარატში ვაშინგტონში, ასევე საზღვარგარეთაც. მას რეგიონში მუშაობისთვის „ბალკანელ ქორს“ უწოდებენ.

 

1999 წელს მაკედონიაში აშშ-ის ელჩის და კოსოვოს საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის რანგში, ის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, რომელიც იუგოსლავიასა და იმ დელეგაციას შორის გაიმართა, რომელიც კოსოვოს ალბანელი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდა.

„ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტამდე 5 დღით ადრე, რიკერი ვიზიტით კიევში იმყოფებოდა, სადაც ამერიკელ დიპლომატებს, ქვეყნის პრემიერს ალექსეი გონჩარუკს და გენპროკურორს რუსლან რიაბოშაპკას შეხვდა. ამის შემდეგ იგი ეუთოს მინისტერიალზე სლოვაკეთში გაემგზავრა, სადაც სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთი დნესტრისპირეთში, აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და დონბასში კონფლიქტების გაჩაღებაში დაადანაშაულა და მოუწოდა კრემლს მინსკის შეთანხმებების შესრულებისკენ. რიკერი მიიჩნევს, რომ რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის გადასვლა უკანონოა.

ამასთან, Politico-ს სტატიის მიხედვით, რიკერი დიდი ალბათობით ელჩად ვერ დაინიშნება, რადგან მან წარმომადგენელთა პალატაში „უკრაინაგეითის“ საქმეზე ჩვენება მისცა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას ეწინააღმდეგებოდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს კიტ დეიტონის კანდიდატურა უფრო მოსწონს, რომელიც 2010 წლიდან ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევების ევროპულ ცენტრს ხელმძღვანელობს. დეიტონი ვირჯინიის შტატში ვილგელმისა და მარიას კოლეჯში სწავლობდა, ასევე დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, ასევე გერმანიაში აშშ-ის არმიის რუსულ ინსტიტუტშიც სწავლობდა, რომელიც სპეციალიზირებულია სპეციალისტების მომზადებაზე რუსულ ენასა და კულტურაზე, საბჭოთა იდეოლოგიზე, ეკონომიკაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დეიტონი
რუსულ ენას ფლობს თავისუფლად.

2018 წლის ნოემბერში ჯეიმს მეტისმა დეიტონი უკრაინაში თავდაცვის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.

უკრაინული გამოცემა ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 2008 წლის 5-დღიანი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დეიტონი მიხეილ სააკაშვილის მრჩევლის როლს ასრულებდა და ეხმარებოდა მას „რუსეთის დამარცხებისთვის“ სტრატეგიის შემუშავებაში.

მედიის ინფორმაციით, უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული უილიამ ტეილორი შტატებში 2 იანვარს დაბრუნდება. ამის შემდეგ ახალი ელჩის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს, პრეზიდენტმა კი, შესაბამის ბრძანებას უნდა მოაწეროს ხელი რასაც, შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები